ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, მარკეტინგულ კომპანია „FF.K Public Relations“-თან თანამშრომლობით, გერმანიის საცალო ღვინის ქსელებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო.
კამპანიის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებების საშუალებით ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქსელში, „Jacques Wein Depot“-ის 300-ზე მეტ მაღაზიაში, სპეციალურად შექმნილ სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინო.
გარდა ამისა, HAWESKO-ს ონლაინმაღაზიაში გაიხსნა ქართული ღვინის ცალკე გვერდი და ვირტუალური „ონლაინ-თარო“. HAWESKO Holding გერმანიაში პრემიუმ ღვინოების ყველაზე დიდი და პრესტიჟული საცალო მოვაჭრეა, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო მისი პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
უწყების განცხადებით, შემოდგომიდან, ღვინის გაყიდვების ტრადიციულად აქტიურ პერიოდში, კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდება და მოიცავს სხვა წამყვან ქსელებსა და იმპორტიორებს, მათ შორის „Mack & Schule“, „Interpartner“ და „Rindchen’s“.
BM.GE დაინტერესდა, თუ როგორია ქართული ღვინის გაყიდვები გერმანიის ბაზარზე.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს 6 თვეში გერმანიის ბაზარზე 644 144 ლიტრი ღვინო გავყიდეთ, საიდანაც $2.9 მლნ-ის შემოსავალი მივიღეთ. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ღვინის მოცულობა 674 340 ლიტრს შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $2.9 მლნ იყო. მონაცემებით დგინდება, რომ წელს მართალია გაყიდული ღვინის მოცულობა 4.4%-ით შემცირდა, თუმცა მიღებული შემოსავალი, 0.1%-ით აღემატება გასული წლიდან მიღებულ შემოსავალს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ფასი გაზრდილია.




























