გერმანიაში ვადამდელი ფედერალური არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია POLITICO-ს სამივე მსხვილი პარტიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
მედიის ინფორმაციით, კანცლერი ოლაფ შოლცი მისი მთავრობისადმი ნდობის კენჭისყრას დეკემბერში, შობის დღესასწაულამდე ჩანიშნავს, რაც ვადამდელი არჩევნების თებერვალში ჩატარების საშუალებას იძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში მოქმედი მთავრობა იშლება, ან არ არის დარწმუნებული, რომ მის პოლიტიკას მხარს პარლამენტართა უმრავლესობა დაუჭერს, გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგში ნდობის კენჭისყრას მართავს, რომლითაც დაადგენს, საკანონმდებლო ორგანოში რამდენი მხარდამჭერი ჰყავს - გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მართვას ოლაფ შოლცი გააგრძელებს, თუმცა თუ მან დეპუტატების ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა ბუნდესტაგი იშლება და გერმანია ახალ არჩევნებს ნიშნავს.
შოლცი ნდობის კენჭისყრის გამართვას 15 იანვარს გეგმავდა, რაც არჩევნების ვადას მარტის ბოლომდე გადაწევდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიედრიკ მერცმა, კანცლერს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდეს - მერცის თქმით, გერმანიას პოლიტიკური პარალიზების დრო არ აქვს.
წინასწარი მონაცემებით ამომრჩევლებში სწორედ ქრისტიან-დემოკრატები და მათი მეგობარი პარტია, ხმების 32%-იანი მაჩვენებლით ლიდერობენ და, სავარაუდოდ, სწორედ ისინი ჩაუდგებიან სათავეში მომდევნო კოალიციურ მთავრობას, ოლაფ შოლცის კანცლერობის პარალელურად. თავად შოლცის პარტიის რეიტინგი 16%-მდე შემცირდა.
გერმანიის კოალიციური ხელისუფლება, "შუქნიშნის კოალიცია" გასულ კვირას, 2025 წლის ბიუჯეტსა და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე უთანხმოების გამო დაიშალა.