მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა - პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

შოლცი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ იღებს კანცლერი ოლაფ შოლცის მოთხოვნას პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების 23 თებერვალს ჩანიშვნის შესახებ - ამის შესახებ Euronews იტყობინება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გერმანიის მოქალაქეები ახალ პარლამენტს თებერვალში აირჩევენ - გაცილებით ადრე, ვიდრე მმართველი კოალიციის კოლაფსამდე იგეგმებოდა. საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბრისთვის იყო ჩანიშნული.

კოალიციის დაშლის შემდეგ ოლაფ შოლცმა ნდობის გამოცხადების თხოვნით ბუნდესტაგს მიმართა - გასულ ორშაბათს ჩატარებულ კენჭისყრაში შოლცის, როგორც ერთპიროვნული ლიდერის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ეს მეოთხე შემთხვევაა გერმანიის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება ვადის გასვლამდე დაიშალა.

გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, ბუნდესტაგი რჩება ფუნქციონირებაში მანამ, ვიდრე გერმანია ახალ პარლამენტს არ აირჩევს.

გერმანიაში ვადამდელი არჩევნების თებერვალში დანიშვნის შესახებ უცხოური მედია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა. მაშინ შოლცი ნდობის კენჭისყრის გამართვას 15 იანვარს გეგმავდა, რაც არჩევნების ვადას მარტის ბოლომდე გადაწევდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიედრიკ მერცმა, კანცლერს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდეს.

გერმანიის მმართველ "შუქნიშნის კოალიციაში" უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი პარტია 2025 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა.

სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები 2021 წელს დაასრულეს და ხელისუფლებაში "შუქნიშნის კოალიციის" სახელით მოვიდნენ. სახელწოდება პარტიების ლოგოების ფერებიდან - წითელი, ყვითელი და მწვანე - გამომდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები