გერმანიაში VW-ს ყველა ქარხანაში თანამშრომლები გაიფიცნენ. მიზეზი ავტომწარმოებლის გეგმაა, რომელიც გერმანიაში, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ქარხნების დახურვას უკავშირდება. ჯერჯერობით გაფიცვებს გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს, ანუ პროტესტი რამდენიმესაათიანი იქნება ყოველდღიურად. კომპანიასთან მომლაპარაკებელი პროფკავშირების მხრიდან, თორსტენ გროგერია, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან რთული კოლექტიური მოლაპარაკება ელით წინ და ამისთვის VW-ს თანამშრომლები მზად არიან.
პროფკავშირის ლიდერმა ასევე დაადანაშაულა VW მენეჯერები სიტუაციის გაუარესებაში: „ფოლკსვაგენმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს კოლექტიური ხელშეკრულებებს“, - თქვა გროგერმა.
რაც შეეხება VW-ის გეგმებს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა, რომლის შემადგენლობაშიც, Audi და Porsche-ც შედის მინიმუმ სამი ქარხნის დახურვა გადაწყვიტა და გერმანიის ტერიტორიაზე არსებული ქარხნებისთვის ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. კომპანია საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია, მას 300,000 თანამშრომელი ჰყავს.
გაფიცვების დაწყებამდე, პროფკავშირებმა კომპანიას, ქარხნების დახურვის გარეშე, ხარჯების 1.5 მლრდ დოლარით შემცირების გეგმა შესთავაზა. გეგმა მოიცავს, უფრო მოკლე სამუშაო დღეს, ხელფასების ზრდის დინამიკის შემცირებას და მენეჯმენტისთვის ბონუსების და ზეგანაკვეთური ანაზღაურების კლებას.
კომპანიაში შეთავაზება არ მიიღეს, VW-ის განცხადებით, ამ ინიციატივას მოკლევადიანი ეფექტი ექნება და ვერ დაეხმარება მწარმოებელს გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ VW-მა გაავრცელა განცხადება, რომ პატივს სცემს თანამშრომელთა უფლებას, მოაწყონ დროებითი გაფიცვები. გერმანული ავტოწარმოების გიგანტის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ბაზარზე არსებული ტენდენციებით, გაყიდვების შემცირებით, მუშახელის და ნედლეულის სიძვირით, რაც ძალიან კონკურენტულ ბაზარზე გარკვეული პოზიციების დაკარგვის ფასი ჯდება, მით უმეტეს გააქტიურებული ჩინური ავტომწარმოებლების ფონზე.
ინფორმაციისთვის, VW-მა ოქტომბერში განაცხადა, რომ მისი მოგება თითქმის 60%-ით დაეცა, ჩინეთში გაყიდვების შემცირების ფონზე. VW რჩება მოგებიანი, მაგრამ მოგება შემცირდა 2,4 მილიარდ ევრომდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგების მაჩვენებელი 5,8 მილიარდი ევრო იყო.