კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Volkswagen-მა გერმანიაში ქარხნები შესაძლოა აღარ დახუროს
თვეების განმავლობაში, Volkswagen-ი საზოგადოებას და ავტოინდუსტრიას გერმანიაში, ქარხნების შესაძლო დახურვის შესახებ აფრთხილებდა. მაგრამ ახლა, კომპანიის საბჭომ გეგმები შეცვალა და ობიექტების შენარჩუნებას ცდილობს. თავდაპირველი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც Volkswagen-ი გერმანიაში, თავისივე სამშობლოში, ქარხანას დახურავდა. კომპანია გადაწყვეტილებას რიგი მიზეზებით ხსნიდა - მათ შორის მაღალი ხარჯებით და ბაზრებზე დაბალფასიანი ჩინურ ავტომობილებთან გართულები კონკურენციით. კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით, სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ ხარჯების შემცირება საკმარისი არაა: განიხილება ქარხნების დახურვა და თანამშრომელთა გათავისუფლება. ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად, უკვე სამი თვეა გერმანიის პროფკავშირებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გერმანიის ქარხნების მომავალი კვლავ გაურკვეველია, საბჭო ისევ გამოსავლის ძიებაშია. დახურვის საფრთხის წინაშე იდგა და კვლავ რჩება ორი ქარხანა, დრეზდენის და ოსნაბრიუკის საწარმოები. VW-ის დრეზდენის ქარხანა ID.3-ზე მუშაობს. ოსნაბრიუკის ქარხანაში, ამჟამად, Porsche Cayman-o Boxster-ი და T-Roc Cabrio იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის წლიური წარმოება 100 000 ერთეულს აღწევს, გასულ წელს ამ მონაცემმა მხოლოდ 28 000 მანქანა შეადგინა.
McLaren-ის მფლობელი აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდი გახდა
ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, McLaren Automotive-ის მფლობელი აბუ-დაბიში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი გახდა, რომელმაც კომპანია ბაჰრეინის სუვერენული ფონდისგან გამოისყიდა.
როგორც ცნობილია, McLaren-ის საავტომობილო მიმართულებას CYVN Holdings-ის პარტნიორები გადაიბარებენ, რომელთა შორის უმსხვილესი წილის მფლობელი თავად აბუ-დაბის მთავრობაა. ამ ეტაპზე, გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა დადასტურებულად ის ვიცით, რომ საინვესტიციო ფონდი უშუალოდ საავტომობილო მიმართულების 100%-იანი წილის მფლობელი იქნება და არა McLaren-ის სარბოლო დივიზიის, რომელმაც სწორედ ახლა Formula 1-ის ჩემპიონობა მოიპოვა. McLaren Racing-თან მიმართებით აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდს მხოლოდ მინორიტარული წილი ექნება. CYVN Holdings-ის საინვესტიციო პორტფელში ასევე შეხვდებით: ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ NIO-ს და ბრიტანულ Gordon Murray Automotive-ს (GMA). უნდა აღინიშნოს, რომ McLaren-ის პირველი ავტომობილი - ლეგენდარული F1 სწორედ გორდონ მარიმ შექმნა.
როგორც ცნობილია, McLaren-ში აქტიურად განიხილავენ სრულიად ელექტრონული ჰიპერქარების გამოშვებას და არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებით ბრიტანულმა მწარმოებელმა პარტნიორობა ჩინურ NIO-სთან დაიწყოს, რომელიც სწორედ EV-ინდუსტრიაშია წარმოდგენილი.
"მომავალში ავტომობილების 99% ელექტრო და ავტონომიური იქნება" - ილონ მასკი
Tesla-ს მილიარდერი დამფუძნებელი, სრულიად საფუძვლიანად, თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიის უმთავრეს გურუდაა მიჩნეული. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც შიგა წვის ავტომობილებს ბრძოლა გამოუცხადა და ბაზარზე ახალი ინოვაციებით წარდგა.
შესაბამისად, ილონ მასკის დამოკიდებულება და შეფასებები, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დიდ მნიშვნელობასაც იძენს. გასაკვირი არაა, რომ მასკი ავტომობილებსა და მის სამომავლო ხედვებზე ხშირად საუბრობს. სწორედ მანქანებზე საუბრისას, მილიარდერი იმ ტიპის ავტომობილებს შეეხო, რომლებიც მძღოლთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მის გეგმებში ნამდვილად არ შედის.
„მომავალში ავტომობილების 99% ელექტრო და ავტონომიური იქნება. ბენზინზე მომუშავე მექანიკების მართვა კი, ცხენით ჯირითს დაემსგავსება“, - დაწერა მასკმა მის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, ზრდის ნაცვლად, ელექტრომობილების გაყიდვების ტემპი ნელდება. ეს ტენდენცია კი, განსაკუთრებით ევროპაში ნარჩუნდება.
თუმცა, მასკის აზრი მაინც გასათვალისწინებელია, რადგან მისმა ფსონმა, ელექტრომობილების საწარმოზე, ნამდვილად გაამართლა. ამას ემატება ტექნოლოგიური ინოვაციები, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი თითქმის ყოველწლიურად გვთავაზობს.
გამოიწერდით ავტომობილს Amazon-დან?
Amazon-ზე თითქმის ყველაფერი იყიდება, და ახლა ამ „ყველაფერში" უკვე ახალი ავტომობილებიც შედის. კონკრეტულად კი, 2023 წელს, ამერიკულ ონლაინვაჭრობის პლატფორმისა და იაპონურ ავტომწარმოებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ახლა, Amazon-დან Hyundai-ის მოდელების გამოწერაც შეიძლება.
ამჟამად, 48 ამერიკულ ქალაქში მცხოვრები მომხმარებელი Amazon-ზე Hyundai-ს ახალ ავტომობილს ისევე მარტივად შეიძენს, როგორც სმარტფონის დამტენს ან შინაური ცხოველების ჩანთებს. amazon.com/autos-ს საიტზე შესვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მოდელები, აირჩიონ სპეციფიკაციები, შეუკვეთონ, თანხაც გადაიხადონ და ავტომობილის მიღების თარიღიც ჩანიშნონ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახლიდან გაუსვლელად.
სიახლე განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისთვისაც სტანდარტულ დილერებთან ურთიერთობა სტრესული გამოცდილებაა. ასეთი კი, ალბათ საკმაოდ ბევრია. Amazon-ს მარტივი, გამჭვირვალე და ფიქსირებული ფასის სისტემა აქვს, რაც უკვე დამკვიდრებულ შევაჭრების ტრადიციასაც აღმოფხვრის. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დილერები ამ პროცესისგან სრულად გამოთიშულები იქნებიან: პირიქით, Amazon-ი ამ შემთხვევაში, მომხმარებელსა და დილერებს შორის ე.წ. შუამავლის როლს შეითავსებს.
თუმცა, ავტომობილის წამოყვანა ახალ მფლობელებს მაინც Hyundai-ს სალიდეროდან მოუწევთ. ამ სიტუაციაში მომხმარებელს ორი ვარიანტის არჩევა შეეძლება: სტანდარტული 75-წუთიანი სესია, რომელშიც მანქანის მახასიათებლების განხილვა და მოკლე ტესტდრაივი შედის, ან 45-წუთიანი შეხვედრა, ტესტდრაივის გარეშე.
ამჯერად Amazon-ს ლიზინგის შეთავაზებები არ აქვს, თუმცა სამომავლოდ ამ ფუნქციის დამატებაც განიხილება. ასევე, მომავალ წელს პროგრამა გაფართოვდება, ხელმისაწვდომი გახდება სხვა რეგიონებშიც და ახალი ბრენდებიც დაემატება. თუმცა Amazon-ს ჯერ მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია.