საწვავის ერადან, ელექტრიფიცირების ერამდე - ავტოინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბრენდები ამ განვითარების ფერხულში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე სწრაფად ადაპტირდნენ. კერძოდ:
1. მოიპოვეს ადგილობრივი ბაზრის უდიდესი წილი, მაგალითად, 2020 წელს უცხოური ავტომწარმოებლების წილი ჩინურ ბაზარზე 62% იყო, 2024 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 36%-მდეა შემცირებული.
2. აქტიურად დაიწყეს მსოფლიო ბაზრების ათვისება, ევროპა, აშშ, აზია. რამაც ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, ადგილობრივი ბაზრის და მწარმოებლების დასაცავად ტარიფების შემოღებაც კი აიძულა. საკმარისი იქნება თუ არა ეს ნაბიჯი? ამას დრო გვიჩვენებს.
რაც ვიცით დღეს და არის ფაქტი, რომ მსოფლიო ავტოინდუსტრიის სრულად გადალაგება მიმდინარეობს და ამ პროცესში ისტორიულ და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ კომპანიებს ახალი მიდგომების ძიება უწევთ.
გერმანული ავტომწარმოებლების გასაჭირიც პირდაპირ ეხმიანება მიმდინარე მოცემულობას.
Volkswagen, BMW და Mercedes-Benz - კვლავ ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩინეთში, ბაზარზე, რომელიც მათთვის დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო, მაგრამ ახლა ბაზრის დაკარგვის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან.
უფრო დეტალურად, Volkswagen, BMW და Mercedes-Benz გაყიდვების მნიშვნელოვან ვარდნას აჩვენებენ ჩინეთის ბაზარზე. 2023 წელს Volkswagen-მა 1 მილიონი ავტომობილით ნაკლები გაყიდა, ვიდრე 2018 წელს, რაც 25%-იანი კლებაა მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში. BMW და Mercedes-Benz ამაზე ცოტა უკეთესი შედეგები აქვთ, მაგრამ 2024 წელს მათი გაყიდვებიც მკვეთრად შემცირებულია. ჯამურად, გერმანული ავტომწარმოებლების ბაზრის წილი ჩინეთში მნიშვნელოვნად შემცირდა 24%-დან 15%-მდე უკანასკნელ 4 წელიწადში.
პრობლემის სათავე - NEV - ახალი ენერგიის მანქანები
NEV-ების ბაზრის სწრაფი ზრდა გახდა მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის უცხოელ მწარმოებლებს ჩინეთში წარმატების მიღწევაში. 2020 წელს NEV-ების წილი მხოლოდ 5.4% იყო, ხოლო 2024 წელს უკვე 39%-ს აღწევს. ამ სფეროში კი ჩინური კომპანიები დომინირებენ და უცხოელ მწარმოებლებს მცირე შესაძლებლობები რჩებათ.
გერმანული ავტომწარმოებლები პრობლემასთან გამკლავებას, ჩინეთში ადგილობრივ მწარმოებლებთან პარტნიორობით ცდილობენ, მაგალითად, SAIC Volkswagen, რომელიც გერმანული კომპანიის და ჩინური კომპანიის ერთობლივი საწარმოა და ის ასევე ერთადერთი გერმანული კომპანიაა, რომელსაც კონკურენციის გაწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, თუმცა მისი წილი ბაზარზე მხოლოდ 2.3%-ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Volkswagen - ი ჩინეთში საწარმოების გაჩერებას გეგმავს, თუმცა ეს არ მოიცავს პარტნიორობის შეწყვეტას SAIC-თან.
გამოსავალი: მეტი ინვესტიცია თუ სტრატეგიის გადახედვა?
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, გერმანული კომპანიები მაინც ზრდიან ინვესტიციებს ჩინეთში. Volkswagen და BMW, თითოეული 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავენ წარმოების სიმძლავრეების გასაზრდელად. Mercedes-Benz კი 1.8 მილიარდ ევროს ინვესტიციას განახორციელებს BAIC-თან ერთობლივ საწარმოში. თუმცა, შესაძლებელია ეს არ იყოს საკმარისი, რადგან ჩინური კომპანიები უკვე წინ არიან NEV ტექნოლოგიებში.
გერმანულ ავტომწარმოებლებს საქმეს ურთულებს ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივი წარმოების სუბსიდირებას ითვალისწინებს. სუბსიდიები კი ჩინურ მწარმოებლებს ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებაში და სწრაფ განვიტარებაში ეხმარება.
კიდევ ერთი ფაქტორი, ჩინური კომპანიების გლობალური ამბიციებია. ჯერჯერობით ევროპა და აშშ, ახერხებს თავისი ბაზრების დაცვას, რაც გერმანული კომპანიების წარმატებაში ითარგმნება სხვადასხვა ბაზარზე.
მაგალითად, Volkswagen-მა ევროპაში 20%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო BMW-მ — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში გაზარდა გაყიდვები. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გერმანულმა კომპანიებმა რესურსები სწრაფად მზარდ და მაღალი მსყიდველობითუნარიან ბაზრებზე უნდა მიმართონ. (ჩინეთის გარდა)
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანულმა კომპანიებმა უნდა გადახედონ საკუთარ მიდგომებს და მოლოდინებს ჩინეთში. ასევე, უნდა იპოვონ ახალი გზები წარმატების მისაღწევად — იქნება ეს უფრო დიდი კონცენტრაცია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე, თუ ჩინეთში არსებულ კომპანიებთან ბრძოლა.