მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის აეროპორტები ორშაბათიდან 24 საათით გაიფიცებიან

აეროპორტები

გერმანიის თითქმის ყველა აეროპორტი ორშაბათიდან 24 საათით გაიფიცება - ამის შესახებ Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ გაფიცვა, სავარაუდოდ, ასობით ათას მგზავრს შეეხება. საჯარო სექტორში დასაქმებულებს გაფიცვისკენ პროფესიულმა კავშირმა Verdi-მ მოუწოდა.

პროფკავშირმა გასულ თვეებში არაერთი მასშტაბური გაფიცვა მოაწყო, მათ შორის 48-საათიანი გაფიცვა მიუნხენში. ორგანიზაცია მოლაპარაკებებს აეროპორტების მმართველ რგოლთან აწარმოებს. მათი მოთხოვნაა, ყოველთვიური ხელფასები 8%-ით, ან მინიმუმ 350 ევროთი გაიზარდოს, დასაქმებულებს კი უფრო მაღალი ბონუსები და დამატებითი საშვებულებო დღეები დაენიშნოთ. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გასულ თვეს ჩავარდა, რის გამოც Verdi-მ გამაფრთხილებელი გაფიცვა 10 მარტს დააანონსა.

გერმანიის აეროპორტთა ოპერატორების ასოციაციამ (ADV) განაცხადა, რომ ასობით ათას მგზავრს სამგზავრო გეგმა შეეცვლება, თუმცა ფრენის გადადება-გაუქმების შესახებ ინფორმაცია იმდენად დაგვიანებით დადასტურდება, რომ მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების მოძიებისთვის საკმარისი დრო არ ექნებათ. მათივე თქმით, ქვეყნის ორ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, ფრანკფურტსა და მიუნხენში, ორშაბათისთვის 2000-ზე მეტი რეისი იყო ჩანიშნული.

ფრანკფურტის აეროპორტში აცხადებენ, რომ აეროპორტიდან, სავარაუდოდ, არც ერთი ფრენა არ შესრულდება. ასოციაცია მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აეროპორტში მისვლისგან და ფრენის სტატუსი ავიახაზების ვებგვერდზე შეამოწმონ.

მიუნხენთან და ფრანკფურტთან ერთად, გაფიცვას უერთდებიან შტუტგარტის, კელნის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინისა და ლაიფციგის აეროპორტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები