'მესტიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება", - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური სოფელ ლახანში „მყარი ნარჩენების ინტეგრირებულად მართვის პროგრამა 2“-ის ფარგლებში შენდება. პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის საფუძველზე, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალი გადამტვირთავი სადგური მესტიის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ამჟამად მოქმედი გადამტვირთავი სადგური მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში იმუშავებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
„ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ეს ობიექტი ზუგდიდში მიმდინარე პროექტის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. ახალი გადამტვირთავი სადგურის ოპერირება მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. მისი ფუნქციონირება მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ნარჩენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვას, ისე მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციას.
„ლახანის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ოპერირება მნიშვნელოვანია ნარჩენების თანამედროვე სტანდარტით მართვის ეფექტიანობისთვის. ობიექტის ფუნქციონირების შედეგად მუნიციპალიტეტი დაზოგავს ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯებს. გარდა ამისა, გადამტვირთავ სადგურზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს შეუწყობს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.




























