გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა კანცლერ შოლცის და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციის მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს ეხებოდა, ინგლისურად თავად თარგმნა, რითიც არასწორ თარგმანთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ წამოწყებულ მითქმა-მოთქმას უპასუხა.
როგორც ელჩი ამბობს, ოლაფ შოლცმა ნამდვილად განაცხადა, რომ “ჩვენ, როგორც მთელი ევროკავშირი, ამ კანონის წინააღმდეგ კრიტიკულად ვიყავით განწყობილები. მას შემდეგ, რაც მისი განხილვა შეჩერდა [გასულ წელს], ვიმედოვნებდით, რომ კვლავ არ განახლდებოდა. ახლა კი ახალი საკანონმდებლო წინადადებაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა უცვლელია და ვიმედოვნებთ, რომ კანონს არ მიღებენ”.
როგორც ელჩის თარგმანშია აღნიშნული, შოლცის განცხადებით, მსგავსი კანონების მიღება საჭირო არაა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც მსგავსი კანონმდებლობის ევროპაში არსებობას უკავშირდებოდა, შოლცმა აღნიშნა, რომ “ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს. არის დისკუსიები იმაზე, რომ ცალკეული მიმართულებით გამჭვირვალობისთვის რაღაც გაკეთდეს, მაგრამ ეს განსხვავებული რეგულაციაა და განსხვავებული კონცეფციაა”.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციის სინქრონული თარგმანი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა თარგმანი გააყალბა და გერმანიის კანცლერს სიტყვა "აგენტი" არ უხსენებია.
მოგვიანებით, მმართველი პარტიის ბრალდებებზე თავად თარჯიმანმაც დაწერა სოციალურ ქსელში: "რად უნდა ბევრი ლაპარაკი, თქვა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად ვახსენე კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს. ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ“.
იმედი გვქონდა, რომ ეს აღარ დადგებოდა დღის წესრიგში - ოლაფ შოლცი "რუსულ კანონზე"