გერმანიაში სათბურის აირების ემისიები 2023 წელს, 2022-თან შედარებით, 11%-ით შემცირდა და 70-წლიან მინიმუმს მიაღწია. Euronew-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გენერირებაში ქვანახშირის წილის შემცირებაა.
უფრო კონკრეტულად, გერმანიის ნახშირბადის დიოქსიდის ემისიებმა გასულ წელს 675 მილიონი ტონა შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელზე 73 მილიონი ტონით ნაკლები. კვლევის თანახმად, ეს 1990-იანი წლების შემდეგ 46%-იანი კლებაა. თუმცა ევროპულ ქვეყანას 2030 წლის კლიმატური გეგმის შესასრულებლად კვლავ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
ბოლო კვლევის თანახმად, 44 მილიონ ტონამდე ემისიების შემცირება ქვანახშირით გენერირებული ელექტროენერგიის წილის შემცირებამ გამოიწვია. ამავდროულად, წიაღისეული საწვავის ენერგოკრიზისის გამო გერმანიაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 4%-ით შემცირდა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ემისიების შემცირებას.
2023 წელს ევროპის მასშტაბით განახლებადი ენერგიის გენერაციაც გაიზარდა, რისი წყალობითაც გერმანიამ ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან დაიწყო - იმპორტირებული ელექტროენერგიის ნახევარი კი ქარისა და წყლის ელექტროსადგურებიდან მოდიოდა. მწვანე ენერგიის გამომუშავება 2023 წელს გერმანიაში 5%-ით გაიზარდა.
გაუმჯობესებული შედეგების მიუხედავად, კვლევის ანგარიშის თანახმად, შემცირებული ემისიების მხოლოდ 15%-ს ექნება გრძელვადიანი ეფექტი, მისი დიდი ნაწილი კი მოკლევადიან კრიზისებს უკავშირდება. შესაბამისად, ნახშირბადის ემისიები არ შემცირებულა სამშენებლო თუ სატრანსპორტო სექტორებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ გერმანია ევროკავშირის 2024 წლის ემისიების გეგმას ვერ შეასრულებს.