კანადის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა სუფთა ენერგიის კანონპროექტში, რომლის მიზანიც 2035 წლამდე კანადის ენერგოქსელის ემისიების ნულოვან ნიშნულამდე დაყვანაა, ცვლილებების შეტანას გეგმავს.
აღნიშნული კანონპროექტი პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ, გასულ წელს გამოაქვეყნა. პროექტით გათვალისწინებული რეგულაციები კი 2050 წლამდე კანადის ეკონომიკაში ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. რეგულაციების საბოლოო განხილვა და ამოქმედება კი წლის ბოლოსთვის იგეგმება.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ელექტროენერგიის მწარმოებელი თითოეული სადგურისთვის ემისიების ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს, ნაცვლად აქამდე არსებული ემისიის ინტენსივობის სტანდარტისა. რაც ელექტროენერგიის მიმწოდებლებს მეტი მოქნილობის საშუალებას მისცემთ.
კანადის რამდენიმე პროვინცია სუფთა ენერგიის რეგულაციებს მტკიცედ ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ქვეყანაში წიაღისეული საწვავის მთავარი მწარმოებელი ალბერტაც, რომლის მთავრობაც საჯარო მფლობელობაში მყოფი ელექტროენერგიის კომპანიის შექმნას განიხილავენ, რითაც ფედერალურ რეგულაციებს თავიდან აირიდებდნენ. თუმცა გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კანონპროექტზე გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს და ის ცალკეული პროვინციების სურვილებზე დამოკიდებული არ არის.
თავდაპირველი კანონპროექტი 2040 წლიდან 10 წლის განმავლობაში 340 მილიონი მეტრული ტონა ნახშირბადის ემისიების შემცირებას მოიაზრებდა. მინისტრი განმარტავს, რომ გათვალისწინებული ცვლილებებით ეს მაჩვენებელი არ შეიცვლება.