ინდონეზია 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიების 250 მილიონი მეტრულ ტონამდე შემცირებასა და სრულ გენერაციაში განახლებადი ენერგიის წილის 44%-მდე ზრდას “ენერგიის ტრანზიციის პარტნიორობის” ფარგლებში გეგმავს.
“ენერგიის ტრანზიციის პარტნიორობა” დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ დაფინანსებული სქემაა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების სუფთა ენერგიის სექტორის განვითარებისთვის გრანტებსა და სხვადასხვა ტიპის სესხებს გამოყოფს. ინდონეზიამ თავისი გეგმა და საინვესტიციო რუკა პარტნიორობის ფარგლებში გასულ კვირას წარადგინა და, პროგრამის ფარგლებში, $20 მილიარდიანი დაფინანსების მოპოვების გზაზეა.
ინდონეზია და ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში აშშ-ისა და იაპონიის წარმომადგენლები დგანან, თავდაპირველად ნახშირბადის ემისიების 290 მილიონ ტონამდე შემცირებასა და სუფთა ენერგიის წილის 34%-მდე ზრდაზე შეთანხმდნენ, თუმცა სრული სურათის შესწავლის შემდეგ ინდონეზიამ მიზანი კიდევ უფრო გაზარდა.
ამჟამად ინდონეზიაში ელექტროსადგურების მოცულობა 13.74 გიგავატია, 20.48 დადგმული სიმძლავრის დამატება კი ქვეყნის უახლოეს გეგმებშია.
მხარეები ფიქრობენ, რომ $10 მილიარდიანი დაფინანსება საჯარო ფონდიდან, დარჩენილი $10 მილიარდი კი კერძო ინვესტორების მხრიდან გამოიყოფა, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინდონეზიის გეგმა 400-ზე მეტი პროექტისგან შედგება, რომელთა განსახორციელებლად $67.4 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვა იქნება საჭირო. “დიდი შვიდეულის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ $20 მილიარდიდან მხოლოდ $153.8 მილიონი გაიცემა გრანტის სახით, ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი კი შეღავათიან კრედიტად განიხილება.