ირაკლი კობახიძის განცხადებით, დანიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ევროპული ქვეყნების 30-მდე ლიდერს გაესაუბრნენ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და კობახიძეს შორის კი საუბარი არ შემდგარა.
"გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, ვისთანაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ. შემიძლია ფაქტი გითხრათ, რა იყო და როგორ, ხოლო თუ რატომ იყო, ამაზე თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ.
დანიაში შეხვედრის ფორმატი არის დახურული. ძალიან თავისუფალი და მარტივია ადამიანებთან კომუნიკაცია. ამ დროს ხვდები უამრავ ადამიანს, ზოგს ვესაუბრები ვახშამზე, ზოგს შესვენების დროს, ზოგს - როცა გვერდით გიზის და ა.შ.. დეტალების თქმა არ შეგვიძლია, ფაქტი არ დამიმალავს, რომ [მერცთან] შემოვიფარგლეთ კარგი მისალმებით. ამის მიღმა საუბარი არ გვქონია", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კითხვაზე, "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები და საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება რამდენად იყო მერცთან კომუნიკაციაში ხელის შემშლელი ფაქტორი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არაფერ შუაშია.
"არა, არაფერს არ შეუშლია ხელი, რაც ხდება გერმანიის ელჩის გარშემო, არის ძალიან ტრაგიკული. იგი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს და არაფერ შუაშია ბატონ მერცთან საუბრის თემასთან. ჩვენ აქაც მზად ვართ ღია კომუნიკაციისთვის, ეს არის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპელმა მაღალი რანგის ლიდერებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ინტერესი გამოხატეს.
"ამ ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას.
ბატონ მაკრონთან ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია ქმედით ნაბიჯებზე. ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ კოშტასთან გვქონდა გასაუბრება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























