მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება

დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე იმსჯელეს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის შესახებ როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით.

ამასთან, მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, მათ შორის, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაცული ტერიტორიების დაარსება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის 13.3%-ს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები საქართველოში განსაკუთრებით მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემებით გამოირჩევა და აქ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ისტორიული პროცესია, რომელიც ამ რეგიონების ბუნების შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანახმად, ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/KfW) - "ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები