გერმანიის სამართალდამცავმა ორგანომ კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან 2 მილიარდ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ამოიღო, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ათიათასობით ბიტკოინის კონფისკაცია პირდაპირ კავშირშია 2013 წელს დახურულ პირატულ პლატფორმასთან, რომლის მეშვეობით კრიმინალური დაჯგუფება არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდა და ფულს ათეთრებდა. როგორც ჩანს, დამნაშავეები მიღებულ შემოსავალს ბიტკოინში აკონვერტირებდნენ და თანხას ციფრულ საფულეებში ინახავდნენ.
როგორც ირკვევა, კრიპტოაქტივების კონფისკაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დაკავებულმა დამნაშავეებმა საფულეების გასაღებები ნებაყოფლობით დათმეს, რა თქმა უნდა, სასჯელის შემსუბუქების მიზნით.
რაში გამოიყენებს გერმანიის პოლიცია თითქმის 2 მილიარდის აქტივებს, უცნობია, რადგან კრიპტოაქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით გერმანული კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია.