ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ გერმანიასთან მიმდინარე პროექტები მათ შორის DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა ისევ გაგრძელდება. მაგრამ მიმდინარე პროგრამების შენარჩუნების მიუხედავად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) გადაწყვეტილება საქართველოს მძიმე შედეგებს მოუტანს.
"არ შეიძლება განუწყვეტლივ ლანძღავდე ევროპელ პარტნიორებს და შემდეგ მათგან დონორული თანადგომის იმედი გქონდეს. აღდგენადია [ეს თანამშრომლობა], მაგრამ ამას ბევრი დრო დასჭირდება, რადგან მოგეხსენებათ გერმანიის და ევროკავშირის ბიუროკრატია როგორია. ყველაფერს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ ძალიან ძვირფასს დროს. გერმანია ჩვენთვის იმით არის ღირებული რომ ის არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში საკუთარი აკადემიური პოტენციალით.
უამრავი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი აქვს. მათთან თანამშრომლობა არ იყო შეზღუდული რაიმე ერთი კონკრეტული სფეროთი და შეგვეძლო ყველა მიმართულებით გვემუშავა. დაწყებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და დამთავრებული გერმანისტიკითა და სხვა მიმართულებებით. გერმანიის როგორც აკადემიური პარტნიორის დაკარგვა საქართველოსთვის ძალიან სერიოზული დარტყმაა", - ამბობს ღლონტი "ანალიტიკასთან" საუბრისას.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან. თუმცა BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.




























