"ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ ქართული ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი გამოწვევა კადრების დეფიციტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით ექთნის პროფესიის პოპულარიზაცია და ხელფასების გაზრდაა მნიშვნელოვანი. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ სამდიცინო პერსონალის სიმცირე მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.
"ჯანდაცვის რგოლი არის გასაძლიერებელი. პირველადი დიაგნოსტიკაა გასაძლიერებელი, სკრინინგის მაღალ დონეზე აყვანა არის საჭირო.იმისთვის, რომ ონკოლოგიური დაავადებები შეგვიმცირდეს, საჭიროა, მოსახლეობის სკრინინგი 70%-მდე ავიყვანოთ.
ამასთან, ჯანდაცვაზე დანახარჯები უნდა გაიზარდოს, რათა მაღალი დონის ტექნოლოგიები დროულად დაინერგოს და ადამიანს უცხოეთში წასვლა არ უწევდეს.
ექთნების სამსახურის პრესტიჟის და ანაზღაურების ზრდა არის საჭირო. ექიმისა და ექთნის დეფიციტი ევროპის ყველა ქვეყანაშია. ერთ მაგალითს გეტყვით: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს ხელშეკრულება აქვს დადებული მექსიკის ჯანდაცვის მინისტრთან. მექსიკაში ექთნებს მედიცინას გერმანულად ასწავლიან და გერმანიაში სამუშაოდ ჩადიან. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან სტუმრად იყო, მითხრა, ერთი 34-კაციანი განყოფილება დაკეტილი მაქვს, რადგან ექთნები არ მყავსო. უარესს გეტყვიო, ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის, სადაც ქიმიას ვერ სწავლობს, რადგან მასწავლებელი არ გვყავსო. ნუ გაგიკვირდებათ.
- კადრის დეფიციტი, შეიძლება იყოს, მაგრამ განათლების დონეს ვერ შევედრებით.
- არ გეგონოთ, რომ ასეა. საშუალო განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ. სწავლების დონე ბევრად მეტი არ იქნება, ვიდრე ჩვენთან.
- მაშინ ჩვენთან რატომ არის განათლება პრობლემა, თუნდაც წაკითხულის გააზრება?!
- ეს პრობლემა ყველგან დგას, ამას გეუბნებით", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.