რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანულმა კომპანიებმა კრემლს, გადასახადების სახით, €1.72 მილიარდი გადაუხადეს, რაც 10 000 დრონის დასაფინანსებლად საკმარისი თანხაა. იმ გერმანული კომპანიებიდან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთში ოპერირებდნენ, ნახევარზე მეტი დღემდე ამ ბაზარზე რჩება - ამის შესახებ კიევის ეკონომიკის სკოლის, B4Ukraine-სა და Squeezing Putin ინიციატივის ახალ ანგარიშშია საუბარი.
კვლევის თანახმად, რუსეთში 250-მდე გერმანული კომპანია ოპერირებს, რომლებიც ევროკავშირის რეგულაციებს არ არღვევენ და, შესაბამისად, "არაფერს აშავებენ". მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპულმა კომპანიებმა კრემლის ომის ხაზინის გავსება უნდა შეწყვიტონ. ქვეყანაში დარჩენით, მათ პირდაპირი კონტრიბუცია შეაქვთ რუსეთის ეკონომიკაში და ამით რუსეთის ომს აფინანსებენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კომპანიებნმა, რომლებიც ამ დრომდე ოპერირებენ რუსეთში, მხოლოდ 2024 წელს კრემლს, გადასახადების სახით, €17.2 მილიარდი გადაუხადეს. 2022 წლიდან დღემდე კი ეს რიცხვი €50 მილიარდს აღემატება.
შედარებისთვის, B4Ukraine-ს ინფორმაციით, რუსეთი €16 ათასს იხდის თითოეულ დაკონტრაქტებულ ჯარისკაცში, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ საომრად აგზავნის.
€50 მილიარდი თითქმის ნახევარია რუსეთის 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტისა (€125 მლრდ) და საკმარისი იმისთვის, რომ მილიონზე მეტი რუსი სამხედრო დაკონტრაქტდეს.
ამერიკული კომპანიების შემდეგ, გერმანული ფირმები კრემლის ხაზინის ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელები არიან: 2024 წელს აშშ-ში ბაზირებულმა ბიზნესებმა კრემლს €1 მილიარდი გადაუხადეს, გერმანულმა კომპანიებმა კი - €514 მილიონამდე. სავარაუდოდ, 2022-2024 წლებში გერმანიის კონტრიბუცია, სხვადასხვა ტიპის გადასახადის სახით, წლიურად €1.72 მილიარდს აღწევდა.
რუსეთიდან გასვლა სულ უფრო ძვირი ჯდება. 2024 წელს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უცხოური კომპანიებისთვის ბაზრის დატოვების პროცესი უფრო ძვირი გახდებოდა, ბიზნესის გაყიდვის ღირებულებაზე გადასახადი კი 15%-დან 35%-მდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა კომპანიების მიერ აქტივების გაყიდვაზე შეთავაზებული სავალდებულო ფასდაკლების რაოდენობა 50%-დან 60%-მდე. რუსული საინფორმაციო სააგენტო RBK-ის ცნობით, 50 მილიარდ რუბლზე მეტი ოდენობის ტრანზაქციებისთვის, კომპანიებს ახლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობა სჭირდებათ.
ამასთან, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, უცხოური კომპანიებისთვის კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25%-ს შეადგენს, რაც იგივეა, რაც ადგილობრივი კომპანიებისთვის. თუმცა, რუსეთში კომპანიები არა მხოლოდ გადასახადებს იხდიან, არამედ მოგებასაც იღებენ. KSE-ს შეფასებით, 2024 წელს რუსეთში გერმანული კომპანიების მთლიანმა ბრუნვამ დაახლოებით $21.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.




























