მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გეთანხმებით, რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული - კობახიძე ლილუაშვილის საქმეზე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა გარემოება უნდა დადგინდეს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად.

კობახიძის თქმით, გამოძიებას დრო სჭირდება და ამ ეტაპზე პირველადი შედეგები უკვე მიღებულია.

„გეთანხმებით, რომ რთულია მარტომ ჩაიდინო ასეთი დანაშაული - გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი. გამოძიებას სჭირდება თავისი დრო, გამოძიება წარიმართა, გამოძიებამ დადო პირველადი შედეგები და გამოძიება გაგრძელდება. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ადევს ლილუაშვილის საქმეს „გრიფით საიდუმლო“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, უწყებებს უნდა ჰკითხოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა კორუფციის თავიდან აცილებაა აწმყოსა და მომავალში.

„რაღაც მომენტში გაჩნდა პრობლემა. არ შევალ დეტალებში. ამის გამო, 2023 წლის დეკემბერში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას. იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს არის ის ისტორია, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს. ჩვენ მთავარია, ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია დღეს და ხვალ. ესაა მთავარი ამოცანა,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ ახალ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.

„როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ წარსულში იყო რაღაც საუბრები, მინდა მოგიწოდოთ, დღეს და ხვალ თუ რამეს აღმოაჩენთ, ეგრევე აიმაღლეთ ხმა და მოგვმართეთ ჩვენ და გაგცემთ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ, რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველაზე გაგცემთ პასუხს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები