მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გეცნობებათ, როცა დასრულდება"- თამარ იოსელიანი ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევაზე

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჟურნალისტებთან კომენტარისას არ ამბობს, თუ როდის დასრულდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი და როდის გაფორმდება კონტრაქტი კონკურსის უპირატეს მონაწილესთან - ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან. იოსელიანის თქმით, როდესაც შეთანხმებას მიაღწევენ, საზოგადოებას აცნობებენ.

ამასთან, იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ პროექტის ინფრასტრუქტურის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც ფსკერის დაღრმავებას და პორტის დამცავი ტალღმჭრელის მშენებლობას გულისხმობს, რისთვისაც გასულ წელს ბელგიურ კომპანია Jand De Nul-თან გაფორმდა კონტრაქტი. თუმცა ინვესტორის შერჩევის პროცედურები ჯერ კიდევ გრძელდება.

"ანაკლიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სახელმწიფომ დაიწყო ინვესტირების განხორციელება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში. ჩვენ შერჩეული გვყავს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი იმისათვის, რომ ააშენოს, როგორც ზღვის ინფრასტრუქტურა, ასევე დააღრმაოს შესაბამისად ფსკერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე სამობილიზაციო სამუშაოები დავასრულეთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე. რაც შეეხება უშუალოდ ინვესტორის შერჩევას, ინვესტორთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები და შესაბამისად გეცნობებათ დასრულება,"- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პორტმა გემების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს.

ჯერ კიდევ 2024 წლის მაისის ბოლოს მასში საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC დასახელდა, რომელთანაც სახელმწიფომ საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მხარეთა შორის კონტრაქტზე აზრთა სხვადასხვაობაა, სწორედ ამიტომ მასთან საინვესტიციო შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

ჯერ კიდევ სექტემბერში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 ძირითადი საკითხი იყო, რაც კომპანია CCCC-თან დაზუსტებას საჭიროებდა.

შესაბამისად, მთავრობა აცხადებს, რომ 4 წელში პორტი პირველ გემებს მიიღებს, თუმცა ამ დრომდე პორტის კერძო ინვესტორი შერჩეული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები