ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ“, – თქვა მან.
ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ღაზის 36 საავადმყოფოდან – ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელმა სამუშაო ჯგუფი შექმნა ღაზის სამხრეთ ნაწილში საველე საავადმყოფოების მოსაწყობად.