ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ღაზის სექტორის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად სრულად განადგურდა. პალესტინური ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად ღაზის სექტორში უმუშევრობის დონე 100%-ს აღწევს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს საგანგაშო მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ღაზის სექტორში ეკონომიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ახალი დოვლათი აღარ იქმნება და მოსახლეობას შემოსავლის წყარო აღარ აქვს.
გაეროს შეფასებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის გადარჩენა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, რისთვისაც პირდაპირი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის არის განწირული.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ღაზის სექტორში 15,000-მდე მოქალაქეა დაღუპული, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, ინფრასტრუქტურა აღარ მუშაობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონს აღარ მიეწოდება არც დენი, არც წყალი და არც გაზი.
ყველაფერთან ერთად, ამჟამად ღაზაში საკვების და სასმელი წყლის კრიტიკული დეფიციტია, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს ჰამასის მიერ წამოწყებული კონფლიქტი, რომელსაც ბოლო ჯერაც არ უჩანს.