ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის (Open Budget Survey – 2023) შედეგებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კომპონენტში საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან კვლავ 87 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა, იგივე "ღია ბიუჯეტის ინდექსი", კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ზომავს ცენტრალური მთავრობის მიერ საჯარო რესურსების მოზიდვასა და ხარჯვაზე ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. საქართველოს წინა, 2021 წლის კვლევაშიც ანალოგიური შედეგი ჰქონდა.
საქართველოს "ღია ბიუჯეტის ინდექსის" ქულა წლების მიხედვით:
კვლევის ფარგლებში იმის განსაზღვრაც ხდება, თუ რამდენად სთავაზობს მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობას. მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში საქართველოს ქულა ასევე 2021 წლის მსგავსია და 100-დან 44-ს შეადგენს.
საპირისპიროდ, გაზრდილია საქართველოს ქულა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით. ამ კომპონენტით ფასდება რამდენად შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს და უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს 83 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. შედარებისთვის, ქვეყანა 2021 წლის კვლევაში 74 ქულით 21-ე ადგილზე იყო.
საქართველოს მთავრობა ყურადღებას ტრადიციულად ბიუჯეტის გამჭვირვალობის კომპონენტში პირველობაზე ამახვილებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები.
"საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.
2012 წლიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წლისთვის გადაინაცვლა მოწინავე - სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში",- აღნიშნავენ უწყებაში.
ღია ბიუჯეტის კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც, არაერთ ინდიკატორზე დაყრდნობით, ყურადღება ექცევა ბიუჯეტის გამჭვირვალობას, საზოგადოების ჩართულობასა და ბიუჯეტის ზედამხედველობას.