საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას „რუსული კანონის“ მიღებასთან კავშირი არ აქვს.
პაპუაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველომ 2008 წელს მიიღო დაპირება და მას შემდეგ „ღია კარში ვდგავართ".
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველო NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს.
„საქართველოში ან თუნდაც სადმე, ვინმე თუ ფიქრობს, რომ NATO-ში ჩვენი წევრობის ერთადერთი საკითხი ამ კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მეამიტია, ან განზრახ მავნებლობს. NATO-ს წევრობას რაც შეეხება, 2008 წელს მოგვცეს დაპირება და დათვალეთ, ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ 16 წელია. ასე რომ, მე მგონი კითხვები ჩვენს მიმართ არ არის, რაც შეეხება NATO-ში წევრობისთვის ძალისხმევას. ის ქვეყნები, NATO-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით ახლა რომ აქტიურობენ და ჩვენთან მიტინგებზე გამოდიან, რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჰყავდათ ავღანეთში, ისიც არა სრულად. მაშინ, როდესაც ჩვენ ათასიანი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში. რაც ამ ქვეყნებს, თითოეულს ჯარისკაცი ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ იმდენი მარტო დაგვეღუპა ავღანეთში. ასე, რომ საქართველოსთან იმაზე ლაპარაკი, რომ რაიმე ძალისხმევას ან სამხედრო კონტრიბუციით ან დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით და NATO-ს ბევრ წევრს ვუსწრებთ ზუსტად დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით. ნახეთ საერთაშორისო კვლევები, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს კორუფცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ“, - თქვა პაპუაშვილმა.