მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია ვართ საჯარო დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების ბუნდოვანება უკეთესია... - პრემიერი

პრემიერი

ყოველთვის ვიყავით და დღესაც მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს "რუსული" და ანტი ლგბტ კანონების გაუქმებაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რაც ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების წინაპირობად სახელდება.

როგორც კობახიძე იმეორებს, არგუმენტების მოსმენა და დამტკიცება სჭირდება, რომ ეს კანონები რაიმე სამართლებრივ პრინციპებს არღვევს ან სხვა კუთხითაა პრობლემური.

"იცით, რომ მას შემდეგ რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში. საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. რეალურად ეს კიდევ უფრო მძაფრი პრობლემაა აშშ-ში. ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა ცუდია, ვიმსჯელოთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის. პირადად მე არაერთხელ მოვიწვიე დებატებში შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები. ისინი ყოველ ჯერზე ამბობდნენ უარს, რადგან სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ.

ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, კი ბატონო, მაგრამ ამას ჯანსაღი დისკუსიები სჭირდება და არა უხეში საუბრები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე", - თქვა კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე. კობახიძის თქმით, დელეგაციის წევრების ნაწილი პირდაპირი იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და საარჩევნო პრინციპებს არღვევდა.

"იცით როგორია ჩვენი პოზიცია, თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი პირდაპირი იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს თავად ხედავთ, რაშიც არის საქმე. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იყო.

ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ საუბარი, პრესკონფერენციაზე მათ შორის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არაა დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები