მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღირს თუ არა საქართველოში ელექტომობილის ყიდვა?

Tesla Model Y

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 1.6 მილიონზე მეტი ავტომობილი ირიცხება, რომელთა უდიდესი ნაწილი, ცხადია, შიდა წვის ძრავით არის აღჭურვილი, ანუ ბენზინზე და დიზელზე მუშაობს - ეს გასაგები და მოსალოდნელია, რადგან ყველა ქვეყანაში ასეა. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების ძალიან, ძალიან მცირე ნაწილი არის ელექტრომობილი, მაგრამ ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 6,000-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, მაგრამ ბოლო თვეებში, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა.

ქვეყანაში არსებული ელექტრომობილების რაოდენობას, როგორც იცით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი ქვეყნის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან ელექტრომობილებს, უფრო მეტად, როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებში ყიდულობენ. სულ მცირე ასე იყო იმ დრომდე, სანამ ასობით ჩინური კომპანია ძალიან იაფი ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში ელექტრომანქანების არსებობაზე მოქმედებს შედარებით რბილი საგადასახადო პოლიტიკა და დამატებითი სარგებელია - ამ მხრივ, საქართველოში ვითარება საკმაოდ გამართულია, ხოლო კანონმდებლობა, ლიბერალური.

მაშ, რჩება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველი კითხვა, რომელსაც ელექტრომობილის ყიდვით დაინტერესებული ადამიანები სვამენ - ელექტროდამტენების არსებობას უკავშირდება, რადგან ავტომობილის შუა გზაში გაჩერება არავის აწყობს. თან, დამტენი ბევრი უნდა იყოს, რადგან რა იცი, რა მანძილის გავლა მოგიწევს და თან, სად აღმოჩნდები მთელი დღის განმავლობაში. ქალაქს რომ თავი დავანებოთ, ავტომობილი იმის ავტომობილია, რომ თუ მოგინდა - სხვა ქალაქში და შეიძლება, სხვა ქვეყანაშიც წაგიყვანოს, ასე რომ დამტენები რეგიონებშიც უნდა იყოს დამონტაჟებული.

ის ელექტროდამტენები, რომლებიც ქვეყანაში დღეს არსებობს, წლების განმავლობაში რამდენიმე სუბიექტის მიერ არის დამონტაჟებული. აქ იგულისხმება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები და მათ შორის დიდი ნაწილი ერთ ქართულ კომპანია “ი-სპეისზე” მოდის, რომელსაც დაფუძნების დღიდან 250-მდე დამტენი დაამონტაჟა. როგორც “ი-სპეისის” გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ TECH INFORM-ში განაცხადა, დღეს, საქართველოში 400-მდე ელექტროდამტენია დამონტაჟებული, რომელთა უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის.

“ჯამში, საქართველოში 400 დამტენი არის დამონტაჟებული - ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, როგორც კერძოდ, ასევე საჯაროდ დამონტაჟებულ დამტენებს. ძირითადი აქცენტი მაინც თბილისზე კეთდება, რადგან ელექტრომობილები, უმეტესწილად, სწორედ თბილისში არის კონცენტრირებული. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წასვლა ელექტრომობილის მფლობელს თავისუფლად შეუძლია - ამ გზაზე დაახლოებით 15 დამტენი არის დამონტაჟებული, ანუ რიგში დგომაც აღარ გიწევს.

ელექტროდამტენი არის, როგორც თბილისის გასასვლელში, თანაც ორივე მხარეს, ასევე ავტობანზე მდებარე ძირითად გაჩერების ადგილებზე. ზოგიერთ ადგილას ერთი, ორი ან სამი სწრაფი ელექტროდამტენი არის დამონტაჟებული, მაგრამ, რასაკვირველია, ნელი დამტენებიც არის, რადგან ზოგიერთ ავტომობილს სწრაფი დამუხტვის ფუნქციონალი არ აქვს”, - განაცხადა დავით იოსავამ TECH INFORM-ში.

ელექტრომობილის დამუხტვა, მოგეხსენებათ, არ არის ისეთივე სწრაფი პროცესი, როგორც ავტომობილში საწვავის ჩასხმა. თუ ბენზინის ავზის გავსებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ელექტომობილის დამუხტვას, ყველაზე კარგ ვარიანტში, რამდენიმე ათეული წუთი სჭირდება, ანუ ელექტომობილის ყოლა, თავისი არსით, რადიკალურად განსხვავებული გამოცდილება.

მაშ, ისმის კითხვა - რატომ არ დავამონტაჟოთ რაც შეიძლება ბევრი სწრაფი ელექტროდამტენი, რათა დრო დავზოგოთ და შესაბამისად, ნაკლები დამტენი დაგვჭირდეს? როგორც “ი-სპეისის” გენერალური დირექტორი, დავით იოსავა TECH INFORM-ში ამბობს, საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან ავტომობილის დამუხტვა მხოლოდ სწრაფი დამტენით არ შეიძლება, რაც ბატარეის დეგრადაციას იწვევს. ამგვარად, მისი შეფასებით, ყველა ტიპის დამტენის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია.

“თქმა იმისა, რომ რაც უფრო მეტი სწრაფი დამტენი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტი ელექტროდამტენი გაჩნდება - მთლად მართებული არ არის, რადგან სწრაფი დამტენის ყოველდღიურად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ის ბატარეის დეგრადაციას აჩქარებს. ამგვარად, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ნელი დამტენებიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დამტენები, ალბათ, უფრო მეტად ისეთ ადგილებში უნდა იყოს კონცენტრირებული, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ, ანუ სავაჭრო მოლებში, კინოთეატრებში, რესტორნებში, პარკებსა და საჯარო პარკინგებზე. განვითარებისთვის, ეს უფრო სწორი მიმართულებაა”, - აღნიშნა “ი-სპეისის” გენერალურმა დირექტორმა TECH INFORM-ში.

ადამიანი, რომელიც ელექტრომობილს ყიდულობს, როგორც წესი, საკუთარ სახლთან ან სახლში ელექტრობატარეის დამონტაჟებაზე ფიქრობს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ასეთ ადამიანს უჩნდება - ამ სერვისის ფასს უკავშირდება. როგორც “ი-სპეისის” გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ TECH INFORM-ში გვითხრა, დამტენის ფასი მის სიმძლავრეზე არის დამოკიდებული, მაგრამ საშუალო სიმძლავრის დამტენის ფასი, როგორც წესი, რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

“წელს, ელექტრომობილებში რაოდენობით Tesla ლიდერობს, მაგრამ ამ დრომდე, პირველ ადგილს სულ Nissan Leaf-ი იკავებდა. დამტენი, რომელიც ამერიკულ ავტომობილებს სჭირდება დაახლოებით 11 კილოვატის შუალედში მერყეობს, რადგან ის სხვა სტანდარტს ეფუძნება და ევროპულ სტანდარტთან პირდაპირ თავსებადი არ არის. 7-კილოვატიანი დამტენების დამონტაჟება დაახლოებით 3,500 ლარი ჯდება, მაგრამ ის 22-კილოვატიანი დამტენი, რომლითაც, მაგალითად Porsche Taycan-ი იმუხტება, 6,000 ლარამდე ჯდება, მაგრამ ამ თანხაში სხვა არამნიშვნელოვანი ხარჯი არ შედის”, - განაცხადა დავით იოსავამ TECH INFORM-ში.

ელექტრომობილის ფლობის დროს, ადამიანი სამ ძირითად ხარჯს აწყდება, ესენია - ელექტრომობილის, ელექტროდამტენისა და ელექტროენერგიის ღირებულება. ელექტრომობილის ფასი, ცხადია, ძალიან მერყევია - ბაზარზე არსებობს, როგორც $10,000-იანი BYD Seagull-ი, ასევე რამდენიმე მილიონად შეფასებული რამდენიმე ავტომობილი.

ელექტროდამტენის დამონტაჟების ფასი რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ისმის კითხვა - თუ რა ჯდება ელექტრომობილის დამუხტვა. როგორც “ი-სპეისის” გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ TECH INFORM-ში განაცხადა, ელექტრომობილის სრული დამუხტვა დაახლოებით 6-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ბენზინის ავზის გავსება.

“მთავარი კითხვაა, თუ რამდენკილოვატიანი ბატარეა აქვს ავტომობილს. ერთი კილოვატის საშუალო ფასი დაახლოებით 20 თეთრს შეადგენს, ანუ თუ 100-კილოვატიანი Tesla-ს დამუხტვა დაახლოებით 20 ლარი დაგიჯდებათ. ახლა კი, ეს მაჩვენებელი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილს შევადაროთ - თუ 100-კილოვატიანი Tesla 500 კილომეტრს გადის, იმავე მანძილის გასავლელად ავტომობილს დაახლოებით 50 ლიტრი საწვავი სჭირდება. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრომობილებს ცვეთადი ნაწილების შეცვლა არ სჭირდება”, - აღნიშნავს “ი-სპეისის” გენერალური დირექტორი, დავით იოსავა TECH INFORM-ში.

ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა. თუ 2022 წელს 981 ელექტრომობილი შემოვიდა, გასულ წელს ქვეყანაში 1,914 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, ანუ ერთი წლის ჭრილში ზრდა 95%-ია. 2024 წლის სტატისტიკით, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია და ის მუდმივად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები