მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ელექტროდამტენების დამონტაჟებას აგრძელებს - კომპანია წელს პროექტისთვის $500 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

ილონ მასკი

რამდენიმე კვირის წინ, ილონ მასკმა Tesla-ში რეორგანიზაცია გამოაცხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომელთა მეათედს გაათავისუფლებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ Tesla ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, შემცირება 14,000-ზე მეტ თანამშრომელს შეეხება. თან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მილიარდერის ამ გადაწყვეტილებას ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გარკვეული დეპარტამენტების სრული შტატი შეეწირა - ასე მოხდა Tesla-ს ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი გუნდის შემთხვევაშიც.

ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ თანამშრომელთა დათხოვნა მოულოდნელი არ არის, რადგან ბოლო წლებში, ამ სტრატეგიას ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიმართა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბოლო წლებში, Tesla-ს თანამშრომელთა რაოდენობამ არაბუნებრივად იმატა, რამაც კომპანიის დანახარჯები გაზარდა. 2023 წლის ბოლოს, ამერიკულ კომპანიაში 140,473 ადამიანი იყო დასაქმებული, ანუ თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე სამი წლით ადრე. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ოსტინში და ბერლინში მდებარე გიგაქარხნებში იყო გადანაწილებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც Tesla-მ ავტომობილების ფასები შეამცირა, ამდენი თანამშრომლის ხელფასით უზრუნველყოფა - პრობლემად იქცა.

როგორც მასობრივი გათავისუფლებების დროს გახდა ცნობილი, ილონ მასკის მიერ დაწყებულ წმენდას კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტი შეეწირა, რომელიც აშშ-ში ელექტრომობილების დასამუხტ ინფრასტრუქტურაზე იყო პასუხისმგებელი. კონკრეტულად რა მიზეზით დაითხოვა მილიარდერმა ეს თანამშრომლები ამ დრომდე უცნობია, მაგრამ, როგორც ირკვევა, Tesla ელექტროდამტენების დამონტაჟებას აგრძელებს, რისთვისაც მიმდინარე წელს $500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ პროექტის აღსასრულებლად Tesla-მ გუნდის შეკვრა დაიწყო, რომელშიც, სხვათა შორის, ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც ილონ მასკმა რამდენიმე კვირის წინ დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული Tesla მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $565 მილიარდს აღემატება. თუმცა შთამბეჭდავი ღირებულების მიუხედავად, ბოლო დროს, ილონ მასკის კომპანია კრიზისულ ფაზას გადის, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 28%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები