მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი" - კობახიძე ღობის დემონტაჟზე

მთავრობა

"ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - რატომ მოხსნეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული ღობე.

მთავრობის ხელმძღვანელმა ღობის დემონტაჟთან და ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით არსებულ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს კონსტრუქციები საგანმანათლებლო ცენტრს გადაეცემა.

"ღობესაც და მის არარსებობასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მიმაჩნია, რომ ღობის არ არსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და სწორედ ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. ღობის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურება ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ.

იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს, 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის მონტაჟსა და შემდეგ დემონტაჟში, აბსოლუტურად არასწორია. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრს უახლოეს მომავალში გადაეცემა, შესაბამისად, 200 000 ლარის გაფლანგვა არის აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია", - ამბობს კობახიძე.

2023 წლის 7 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოსაწყობად სამუშაოები იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ღობეც. მიმდინარე წლის 8 მარტს კი, სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის თავზე, მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები