მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საუბარი, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ჰაბი არასერიოზულია” - გივი ჩაჩანიძე

გივი

გადამზიდავი კომპანია COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი “შუა დერეფნის” პერსპექტივაზე საუბრისას აცხადებს, რომ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე საქართველო შეუძლებელია ტრანზიტულ ჰაბად იქცეს, რადგან ქვეყნის პორტები როგორც წინა წლებში, დღესაც ზედა ზღვარზე მუშაობენ.

“ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საუბარი, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ჰაბი, არასწორი და არასერიოზულია” - აცხადებს გივი ჩაჩანიძე “საქმის კურსთან“ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ გამოწვევები მხოლოდ საქართველოზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტს არ აქვს, არამედ შუა დერეფნის დაბრკოლების სათავეა ყაზახეთი და აქთაუს პორტის შეზღუდული გამტარუნარიანობა, რაც მთლიანად მარშრუტის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს.

“ჩვენ ისევ იქ ვართ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია მთლიანად დასასრულებელი გვაქვს. ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილშიც ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით.

როდესაც ამხელა ყურადღება ეთმობა შუა დერეფანს, ეს ნიშნავს, რომ საუბრის დონეს უნდა გავცდეთ. წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ როცა ასეთი მასშტაბის პროექტებზე და ასეთ მნიშვნელოვან დერეფანზე ვსაუბრობთ, მე არ მომწონს სისწრაფის ტემპი.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ძალიან დიდ ცვლილებას მოგვცემს. ეს ზუსტად ის არის, რაც გვჭირდებოდა დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ამ ყველაფრით მერე შევდივართ ჩიხში, რასაც ჰქვია ჩვენი პორტები. წარმოიდგინეთ, ჯერ დღევანდელი გამტარუნარიანობით რაც გვაქვს, ზედა ზღვარზე ვმუშაობთ და თუ ჩვენ გამტარუნარიანობას გავზრდით რკინიგზის და მაგისტრალის მეშვეობით, მერე შევეჩეხებით პრობლემას. გვევსება ტვირთით ჩვენი ტერმინალები ფოთში, რადგან არა გვაქვს ფიზიკურად მეტის შესაძლებლობა. დღეს უკვე ზედა ზღვარზე ვართ, შარშანაც ზედა ზღვარზე ვიყავით.

ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობაზე წლებია ვსაუბრობთ….როდესაც შენ კლიენტს მოიყვან, დაარწმუნებ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, აიღებ პასუხისმგებლობას, ჩამოიტან ტვირთს ფოთში, რომელიც სამომავლოდ შემდეგ გასაგზავნია ექსპორტზე და შენ მას დაუგვიანებ, შეუქმნი პრობლემებს, ის აუცილებლად გადაწყვეტს და აუცილებლად მოძებნის სხვა ნაცად გზას.

მარტო საქართველოზეც არ არის. შუა დერეფნის პირველი დაბრკოლება იწყება ყაზახეთში. ხშირად ტვირთები გვეჭედება აქთაუს პორტში, შეიძლება ერთი თვეც გაიჭედოს. იყო პერიოდი, როდესაც 55 დღეში ჩამოდიოდა კონტეინერი, ახლა18 დღემდეა ეს პერიოდი შემცირებული, მაგრამ კიდევ გვთხოვენ, რომ 12 დღემდე შევამციროთ. კასპიის ზღვაზე არ არის დიდი გემები, თუმცა აპირებენ, რაც აუცილებლად მიეხმარება პროცესს”,-აცხადებს გივი ჩაჩანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები