ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის შეფასებით, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდება, რომელიც ფასიანი იქნება და სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი ეღირება, „ჩვეულებრივი გადასახადია“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა , სადაც საუბრის თემა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი არაერთი ცვლილება, მათ შორის „ნიშანდების“ შემოღება იყო.
ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ან ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ) დატანა - ასეა განმარტებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოში კანონში ცვლილებების პროექტში "ნიშანდება". განმარტებით ბარათში კი წერია, რომ ნიშანდება მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხისადმი მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად. ასევე, ინიციატივის ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება იქნება 0.10 ლარი ერთ ბოთლზე. "შესაბამისად. თუ ავიღებთ ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებელს ეს წლიურად არის საშუალოდ 140 000 000 – 150 000 000 ბოთლი. შესაბამისად, სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
"ბოთლზე როცა მიწესებ გადასახადს, ეს აქციზია. ღვინოზე აქციზი მხოლოდ რუსეთშია" - შალვა ქურდაძე
QR კოდი ღვინოზე – ახალი ვალდებულება მეღვინეებისთვის|ღვინის სააგენტოს არგუმენტები
გიორგი სამანიშვილისთვის გაუგებარია, რა კავშირშია სავალდებულო ნიშანდების შემოღება ღვინის ხარისხთან.
- ყველაფერი ძალიან მარტივია - ეს არის გადასახადი. ჩვენ ჯერ კიდევ ინსტიტუტში გვასწავლიდნენ, რომ მეღვინეობაში არსებობს ფისკალური და პარაფისკალური (ირიბი) გადასახადები. როგორც ჩანს, სახელმწიფომ გადაწყვიტა, მწარმოებლებს თითო ბოთლზე 10 თეთრი გადაახდევინოს. თუ კანონი მიიღეს, ეს დარღვევა არ არის, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ ვსაუბრობთ ხარისხის კონტექსტში. სხვა რამეზე შეიძლება ვიდავოთ - მაგალითად, სისტემისთვის შესაძლოა კარგიც იყოს კერძო სექტორის მეტი ჩართულობა. თუ მსხვილი კომპანიები წელიწადში, პირობითად, 500,000 ლარს გადაუხდიან ორგანიზაციას, მათ უკვე გაუჩნდებათ ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. მაგალითად, მწარმოებელი ეტყვის სააგენტოს: „რადგან ამხელა თანხას გიხდით, ჩემთვის ურუგვაის გამოფენაში მონაწილეობა პრიორიტეტი არ არის, ფული სხვა მიმართულებით მიმართეთ“. ეს გარკვეულწილად პოზიტიურია, მაგრამ მაბნევს ის, რომ ამ ყველაფერს „ხარისხის კონტროლს“ და „ნიშანდებას“ არქმევენ. თავიდან მეგონა, საუბარი იყო ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის QR კოდზე, რომელიც დამხმარე ინფორმაციას (შემადგენლობა და ა.შ.) ასახავს, თუმცა რეალობა სხვაა - ეს ჩვეულებრივი გადასახადია. სახელმწიფომ, ალბათ, ჩათვალა, რომ მარკეტინგში ბევრს ხარჯავს და დარგმაც უნდა გაიღოს წილი, თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორ მიიღებს ამას სექტორი, მით უმეტეს, რომ ზუსტი ტარიფიც უცნობია.
- შესაძლოა, კონკრეტული ტარიფი კანონში არც ჩაიწეროს, თუმცა განმარტებით ბარათში მითითებულია 10 თეთრი, რაც პირდაპირ ღვინის სააგენტოს ბიუჯეტში მიიმართება.
- კარგი იქნება, კანონშივე გაიწეროს, ვინ და როგორ ადგენს ამ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს „ფულის შეწერას“ დაემსგავსება. თუ თანხა სწორი მიმართულებით დაიხარჯება - კარგია, მაგრამ მეეჭვება იმ ვერტიკალში, სადაც კანონში ცვლილებებსაც კი არ უთანხმებენ კერძო სექტორს, მერე ამ ფულის ხარჯვის პრიორიტეტებზე ვინმეს რამე შეუთანხმონ...
- ანუ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით კავშირს საერთოდ ვერ ხედავთ?! განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სერტიფიცირება ისედაც ხდება, მაგრამ მომხმარებლამდე ამ ინფორმაციის მისატანად ნიშანდებაა საჭირო.
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დარჩება მხოლოდ გადასახადად და არ განმეორდება 2006 წლის გამოცდილება... მაშინაც მოიფიქრეს მსგავსი „ნიშანდება“ - კომპანიებს საქართველოს დროშის გამოსახულებიან სტიკერებს აწებებინებდნენ. ეს იყო ძალიან უშნო, იაფფასიანი სტიკერები, რომლებიც სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა, პროდუქციას კი აძვირებდა. თუ არ ვცდები, ჩემი მუშაობის პერიოდში ეს პროცესი შევაჩერეთ და აღარ შევისყიდეთ. მთავარია, ახლაც რაიმე ფიზიკურად მისაწებებელი არ გამოიგონონ, რამაც შეიძლება ეტიკეტის დიზაინი და ბრენდის ვიზუალი დაარღვიოს. იმედია, აქამდე არ მივა საქმე.




























