2025 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3%-ით 267 მილიონ 910 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ადგილობრივად წარმოებული ეს პროდუქტი TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3.7%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 2025 წლის პირველ თვეებში მკვეთრი წლიური შემცირებით დაიწყო და უარყოფითი ტრენდი დადებითისკენ მაისში შეიცვალა. თუმცა გადაზიდვები მერყევი იყო და მაგალითისთვის აგვისტოში კვლავ კლება დაფიქსირდა, სექტემბერში - გაიზარდა, ნოემბერში - შემცირდა, დეკემბერში კი გაიზარდა. შედეგად ექსპორტის ღირებულება ჯამურად 3%-ით, ხოლო მოცულობა 5.1%-ით შემცირდა.
ქართული ღვინის გასაყიდი საშუალო ფასი 1 ლიტრზე 2.9 დოლარი იყო, რაც თითქმის 2024 წლის ანალოგიურია.
ღვინის გაყიდვები კლება ძირითადად რუსეთში გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა, რომელიც ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. წელს კლების გათვალისწინებით ღვინის მთლიან გაყიდვებში რუსეთის წილი მცირედით 63.7%-მდე შემცირდა. 2024 წელს რუსეთის წილი 66.1% იყო.
დსთ-ის ქვეყნებში ღვინის გაყიდვების წილი 76.7%-ს შეადგენს და 2025 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 11 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი დიდწილად რუსეთის გავლენით 4.7%-ით 205 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდული ალკოჰოლური სასმლის მაჩვენებელს, რაც ჯამური ექსპორტის 13.4% იყო, ეს რიცხვი წლიურად 6.6%-ით 36 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის, ღვინო ყველაზე ძვირად აშშ-ში იყიდება, სადაც 1 ლიტრის საშუალო ღირებულება 6.1 დოლარი იყო, გერმანიაში კი 4.7 დოლარი იყო. ყველაზე იაფად ოფიციალური მონაცემებით ღვინო პოლონეთში, უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში იყიდება.
ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - $170.6 მლნ, 60 834 676 ლიტრი; 1 ლიტრი - $2.8;
- პოლონეთი - $16.9 მლნ, 6 789 056 ლიტრი; 1 ლიტრი - $2.4;
- უკრაინა - $13.3 მლნ, 4 831 560 ლიტრი; 1 ლიტრი - $2.7;
- ჩინეთი - $9.8 მლნ, 3 126 296 ლიტრი; 1 ლიტრი - $3.13;
- ყაზახეთი - $9.5 მლნ, 2 972 420 ლიტრი; 1 ლიტრი - $3.2;
- ბელარუსი - $8.3 მლნ, 2 939 506 ლიტრი; 1 ლიტრი - $2.8;
- გერმანია - $5.9 მლნ, 1 255 073 ლიტრი; 1 ლიტრი - $4.7;
- აშშ - $5.9 მლნ, 955 795 ლიტრი; 1 ლიტრი - $6.1;
- ლატვია - $4.6 მლნ, 1 133 194 ლიტრი; 1 ლიტრი - $4;
- ლიეტუვა - $2.5 მლნ, 703 554 ლიტრი. 1 ლიტრი - $3.5.



























