უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელის შეფასებით, უზბეკეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფო და კონკრეტულად ღვინის ეროვნული სააგენტო ცენტრალური აზიის ქვეყნებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ თიმურ აბდულაევმა “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი ჩართულობით დღეს, ქართული ღვინო უზბეკეთში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ ჰოლდინგთან პარტნიორობით გადის, თუმცა ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივა ამ მიმართულებით დიდია. მას მაგალითად, ქართული ღვინო Georgian Royal Wine მოჰყავს, რომელიც ოთხი წელია უზბეკეთში იგზავნება.
“ამ კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა. პირველ შეხვედრიდან პირველ გადაზიდვამდე პროცესები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ახლა კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს ღვინო უზბეკეთში იგზავნება და ყოველ ჯერზე მოცულობები იზრდება. რადგან უზბეკეთი სულ უფრო მეტი ქართული ღვინის მოხმარებას იწყებს. იცით, ძალიან საინტერესო სიტუაციაა. უზბეკეთში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ, რა იყო ნამდვილი ქართული ღვინო. ახლა უკვე რამდენიმე უზბეკური კომპანიაა, რომელიც ქართულ კომპანიებთან მუშაობს – ჩვენ ვყიდით ღვინოს საქართველოდან ფაქტობრივად უზბეკეთში ალკოჰოლის უმსხვილეს იმპორტიორ ჰოლდინგზე. ქართული ღვინის შესახებ მაქსიმალურად სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის კი ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა. სამწუხაროდ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ამ ბაზრით დაინტერესებული არ არის. შეიძლება, წელს რამე შეიცვალოს, მაგრამ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე, გამოფენების, ფესტივალების ჩასატარებლად, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და როგორც ჩანს, არც ინტერესია. თუმცა უზბეკეთიც და ყაზახეთიც ქართველი მეღვინეებისთვის ძალიან პერსპექტიული ბაზრებია”, - განაცხადა თიმურ აბდულაევმა.
კითხვაზე - ხომ არ არის სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის არ არსებობა იმით განპირობებული, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ალკოჰოლურ სასმელებს ნაკლებად მოიხმარენ და თავად რით ხსნის ამ დამოკიდებულებას, ბიზნესმენი აცხადებს: “იცით, მართლაც, უზბეკეთი, როგორც მუსლიმური ქვეყანა... მოსახლეობის გარკვეული უმეტესობა, მართლაც არ მოიხმარს ალკოჰოლს. მაგრამ ჩვენთან საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელმაც იმის გაგება დაიწყო, თუ რა არის ნამდვილი ღვინო. გარდა ამისა, ჩვენთან ბევრი სტუმარი, ტურისტია, რომლებიც ღვინოს სიამოვნებით მოიხმარენ. ჩვენთან ძალიან პოპულარული გახდა ქართული რესტორნები. თუ 5 წლის წინ 1-2 რესტორანი იყო, ახლა, ალბათ, დაახლოებით 10-ია და ისინი ძალიან პოპულარულია. ერთ-ერთ ქართულ რესტორანში დიდი, ლამაზი დაფა დგას, სადაც ყოველდღე წერენ ახალ ინფორმაციას, თუ რამდენი ხინკალი გაყიდეს. და 2 წლის განმავლობაში, თუ დაფას დავუჯერებთ, ეს, თითქმის, 2 მილიონი ხინკალია. და ეს ადგილი, სხვათა შორის, ძალიან უყვართ ქართველ სტუმრებსაც, აი, იქ აუცილებლად უნდა იყოს ქართული ღვინო.... ანუ, ადამიანებს სურთ გემრიელი ღვინო. კარგი იქნება, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, რა არის ღვინო, ამასთან, ძალიან რთულია, აუხსნა ხალხს, რა არის ქვევრის ღვინო”, - აღნიშნა მან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი მცირეა. 2025 წელს 165 807 ლიტრი სასმელის ღირებულებამ 644 ათასი დოლარი შეადგინა. 2024 წელს კი უზბეკეთში სულ 389 ათასი დოლარის 96 926 ლიტრი ღვინო გავყიდეთ.
2026 წლის პირველ კვარტალში უზბეკეთში ღვინის გაყიდვები 88 ათას დოლარამდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 129 ათასი დოლარის ღვინო გაიყიდა.




























