Netflix ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემების ციკლში „Somebody Feed Phil” მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. აღნიშნული სერიალის მე-8 სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 18 ივნისს გამოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, მე-4 ეპიზოდის გადასაღებად, Netflix-ის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. სერიალის „Somebody Feed Phil” კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად, სერია ქართული გასტრონომიასაც ეძღვნება. გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. 2025 წელს კომპანიასთან მედია კონტრაქტი 661 ათას დოლარს შეადგენს და ის სხვადასხვა მედიებში განთავსებებს მოიცავს, 2024 წელს კი კონტრაქტის ღირებულება 954 ათასი დოლარი იყო.
სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის სარეკლამო კამპანიას აქტიურად ახორციელებს. მედიაკამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ღვინის შოუ - V is for Vino ამზადებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მარკეტინგული ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, „The New York Times”, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.





























