მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინის რეკლამირებაზე მცირე თანხას ვხარჯავთ, უხარისხო ყურძნის სუბსიდირებაზე კი უზარმაზარს" - "ფაფრის ველი"

შალვა ქურდაძე

"თუ უხარისხო ღვინის წარმოებაში დიდ თანხას დებ და ამავე დროს, მის პოპულარიზაციას ათჯერ ნაკლები ბიუჯეტით ცდილობ, ეს ირონიის მომგვრელია და ბევრ კითხვას ბადებს", - ასე აფასებს "ფაფის ველის" დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

BMG საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს მთავრობამ 8 აპრილის სხდომაზე ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ დადგენილების მიხედვით, პროგრამა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციასთან ერთად სამომხმარებლო კულტურის ამაღლებას ისახავს მიზნად და მისი ამოცანა ქვეყანაში იურიდიული პირების მიერ ღონისძიებების - ფესტივალების, კონკურსების ჩატარების დაფინანსებაა.

რამდენად მომგებიანია ქართული ღვინის ამ მოდელით რეკლამირება? - ეს იყო ჩვენი მთავარი კითხვა მეღვინეების მისამართით.

"ფაფრის ველის" დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ყურძნის სუბსიდირებაში დახარჯული ფინანსების ნახევარი მაინც, ხარისხიანი ღვინის მარკეტინგში რომ იხარჯებოდეს, რეალობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.

"ის ბიუჯეტი, რაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის მარკეტინგისთვის აქვს გამოყოფილი, საკმარისი არ არის. თუმცა, ამავდროულად 100 მილიონზე მეტი უხარისხო ყურძნის სუბსიდირებაზე იხარჯება. ამ თანხის ნაწილი მაინც რომ გადავიდეს ღვინის პოპულარიზაციაზე, ეჭვი არ მეპარება, რომ მშვენიერ სტრატეგიას შეადგენდნენ და გაცილებით უკეთესი შედეგიც იქნებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ბიუჯეტით მსოფლიო დავიპყროთ, მაგრამ ასეთი რამე არ ხდება. ეს ნონსნესნია. თანხებთანაა ყველაფერი დაკავშირებული - თანხებზე ხელმისაწვდომობასა და მის მიზნობრივად ხარჯვასთან. რა პოპულარიზაციაზეა საუბარი, როცა ამხელა თანხა იხარჯება სუბსიდირებაში და ბევრად მცირე ფინანსებია გამოყოფილი მარკეტინგისთვის", - ამბობს შალვა ქურდაძე.

მეღვინე ამბობს, რომ მარკეტინგი მხოლოდ მაშინაა სწორი და გამართლებული, როცა ის პროდუქტის ხარისხითაც გამყარებულია. უხარისხო ღვინის საერთაშორისო, სამიზნე ბაზრებზე პოპულარიზაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ დროს კი ადგილობრივი მეღვინეობების ძირითადი ნაწილის სარეალიზაციო სივრცე სწორედ საექსპორტო ბაზრებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები