მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ღვინის რეზერვი” - მთავრობას ათასობით ლიტრი ღვინის რეალიზაცია უჭირს და ₾102-მილიონიანი მარაგი 39 მილიონამდე ჩამოფასდა

ღვინო

საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას ღვინის მრავალმილიონიანი მარაგები ეკუთვნის. დღეს "მოსავლის მართვის კომპანიამ" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს მათ მარაგებში არსებული ღვინო-მასალა, რაც 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. ღირებულების 60%-იანი ვარდნა განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობის გამო ღვინის პრივატიზება უჭირს.

"მოსავლის მართვის კომპანია" მთავრობამ 2021 წელს, რთველის პროცესის წარმართვისთვის დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 40-50 ათას ტონა "ჭარბ ყურძენს" ყიდულობს და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს ამზადებს. 2024 წელს კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტისგან 37 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო, 2025 წლის რთველში კი მას 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შეძენა დაევალა.

მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების არსებული მოდელი აუცილებელია იმისთვის, რათა ბაზარზე ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სუბსიდირების პროცესით მთავრობა მალფუჭებად პროდუქტს - ყურძენს გადააქცევს სპირტად და ღვინო მასალად, რომელსაც შემდგომში ისევე ღვინის კომპანიებზე ყიდის.

თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის მოვალეობას წარმოადგენს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვა, ეს ნიშნავს რომ თავად ამ მოცულობის ყურძენზე ბაზარზე მოთხოვნა არაა, შესაბამისად, რთულდება აღნიშნული პროდუქციისგან დამზადებული საბრენდე სპირტის და ღვინო-მასალის რეალიზაციაც.

მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ სპირტსა და ღვინო-მასალას ეტაპობრივად, აუქციონების გზით ყიდის. თუმცა გაუყიდავ მარაგებზე ფაქტობრივად ჩამოფასება ყოველწლიურად ხორციელდება. 2022 წელს კომპანია 90 მილიონი ლარის მარაგებს აღრიცხავდა, რომლებიც 75%-ზე მეტად, ანუ 68 მილიონი ლარით ჩამოფასდა. 2023 წელს კომპანიაში 21 მილიონი ლარის მარაგები იყო აღრიცხული, რომელიც 50%-ზე მეტად, ანუ 11 მილიონი ლარით ჩამოფასდა. 2024 წელს კი კომპანიის მარაგები, რაც რთველის შემდეგ 102 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი, 62 მილიონი ლარით 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა.

წლების მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება ასე ნაწილდებოდა:

  • 2022 წელს - 39 მილიონი ლარი;
  • 2023 წელს - 19.6 მილიონი ლარი;
  • 2024 წელს - 6.5 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისში "მოსავლის მართვის კომპანიამ" ჩამოფასებული აქტივების გაყიდვა გააფართოვა. აუქციონები მრავალჯერ გამოცხადდა, თუმცა პირველ ჯერზე ფაქტობრივად არცერთი ლოტი არ გაიყიდა, რის შემდეგაც მათი ღირებულება ჩამოფასდა, მეორე ჯერზეც აუქციონებზე სასმელების უდიდესი ნაწილი არ გაიყიდა, რის შემდეგაც ისინი მესამედ ჩამოფასდა და მათი გაყიდვა მხოლოდ მესამე აუქციონზე მოხდა.

მთლიანობაში შედეგით დასრულდა 25.4 მილიონი ლარის ღირებულების აუქციონები. მათ შორის 19.2 მილიონი ლარის 3,482,000 ლიტრი სპირტი, 3.3 მილიონი ლარის 2,678,000 ლიტრი საფერავი, 1.5 მილიონი ლარის 1,500,000 ლიტრი მუკუზანი, 767,000 ლარის ღირებულების 149,180 ლიტრი ხვანჭკარა, 424,000 ლარის 69,000 ლიტრი ტვიში და 186,000 ლარის 22,000 ლიტრი უსახელაური.

ეს წარმოადგენდა მნიშვნელოვნად ფასდაკლებულ ფასს, რადგანაც ხვანჭკარას შემთხვევაში ლიტრის რეალიზაცია 5.14 ლარად მოხდა, უსახელაურის - 8.45 ლარად, ტვიშის - 6.15 ლარად, მუკუზნის - 1.25 ლარად, საფერავის - 1.25 ლარად, ხოლო ლიტრი საკონიაკე სპირტის - 5.53 ლარად.

თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პირველად აუქციონზე საფერავის საწყისი ფასი ლიტრზე 3.35 ლარი იყო (შესაბამისად, ის სამჯერ უფრო დაბალ ფასად გაიყიდა), უსახელაურის საწყისი ფასი ლიტრზე 19.8 ლარი იყო, შესაბამისად მისი გაყიდვა მხოლოდ ორჯერ უფრო დაბალ ფასად მოხდა, ხოლო ხვანჭარის საწყისი ფასი 10 ლარს შეადგენდა, ის ჯერ 6.75 ლარამდე ჩამოფასდა, ხოლო საბოლოოდ 5.15 ლარად გაიყიდა. საკონიაკე სპირტის საწყისი ფასი კი პირველად აუქციონზე 19.77 ლარი იყო, თუმცა ის 5.53 ლარამდე ჩამოფასდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყველა ამ აუქციონს eauction-ის ვებგვერდზე საკმაოდ მცირე - 40-50 ნახვა აქვს, ხოლო უმეტეს შემთხვევაში გაყიდვა მხოლოდ 1 ბიჯის შედეგად მოხდა, ეს კი იმაზე მეტყველებს რომ არ მომხდარა ამ აუქციონების მარკეტინგი, რათა უფრო მეტ მომხმარებელს შეეტყო მათ შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები