დღეს, სხვადასხვა დარგისა და პროფესიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს მოაწყობენ. პროევროპული გამოსვლები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა დროსა და ადგილასაა დაგეგმილი.
დღის განმავლობაში შემდეგი აქციები იგეგმება:
- 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, სტარტაპები ტექნოპარკში შეიკრიბებიან. "ვიკრიბებით GITA-სთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
- 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, აწარმოე საქართველოს ოფისიდან ( დ. უზნაძის 18) მსვლელობას გამართავენ - "ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".
- 13 დეკემბერი, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ფინანსისტების მარში გაიმართება
- HR პროფესიონალები და ტრენერები დღეს პროევროპულ აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებენ: "HR პროფესიონალები და ტრენერები ერთად გამოვხატავთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, პარასკევს 13 დეკემბერს, 13:00 საათზე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე!“
- 13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ იგეგმება.
- „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ - ამ გზავნილით მევენახეები, მეღვინეები - მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები 13 დეკემბერს 17:00 სთ-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდუსტრიის წარმომადგენლები ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას და მათი კოლეგების, ოჯახის წევრებისა და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების დევნას და არაადამიანურ მოპყრობას გააპროტესტებენ.
- იურისტები დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზვიად კორძაძე წერს. "კოლეგებო, ადვოკატებო, იურისტებო, ხვალ 13 დეკემბერს 17:00 სთ-ზე უზენაეს სასამართლოსთან ადვოკატების და იურისტების აქცია: ევროინტეგრაციისთვის, სამართლიანობისთვის, ძალადობის წინააღმდეგ", - აცხადებს კორძაძე.
- 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება. „დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი!" - აცხადებენ მეზღვაურები.
- 13 დეკემბერს, საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სცენა სოლიდარულ მარშს აანონსებს. "ვერთიანდებით რეპრესიების წინააღმდეგ 19:00 საათზე და ვმართავთ მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან - პარლამენტამდე" - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში
- 13 დეკემბერს, თბილისში ფსიქოლოგების მარში გაიმართება. შეკრება რესპუბლიკის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.