„თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს იმის პოტენციალი ღომ მსოფლიოში ღვინის TOP-იმპორტიორ ქვეყნებს მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოები შესთავაზოს. ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემა #რედაქტ2-ში მსოფლიოში ქართული ღვინის საშუალო ღირებულების ზრდის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.
„თიბისი კაპიტალის“ ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში, ქართული ღვინის ღირებულება 16%-ით 2.9 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა საქართველო ღვინის გლობალურ ბაზარზე დაბალ საფასო კატეგორიაში ისეთ ქვეყნებთან ერთადაა, როგორიცაა პორტუგალია, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ჩილე და ავსტრალია. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ TBC Capital-ის თანახმად, საქართველოდან ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება, რაც 7 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფად ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გადის, სადაც საშუალო საექსპორტო ფასი 2.5 დოლარია.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო ფასი იზრდება, თუმცა ის ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.
„ამ საფასო კატეგორიაში [რომელშიც დღეს ქართული ღვინოა] მსოფლიოში კონკურენცია საკმაოდ დიდია, რის გამოც ახალ ბაზრებზე დამკვიდრება ძალიან რთულია. საქართველოს მაღალი კატეგორიის პრემიალური ღვინოების წარმოების პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ისეთი ბაზრებისთვის, რომლებიც ღვინის TOP-იმპორტიორები არიან. ეს არის აშშ, გერმანია, იაპონია, შვეიცარია, ჰოლანდია და ა.შ. მსოფლიოში TOP-10 იმპორტიორ ქვეყანაში ქართული ღვინოების წილი მინიმალურია. არის ქვეყნები სადაც ქართული ღვინის ცნობადობა გაზრდილი, თუმცა ქართული ღვინის პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. მიმაჩნია, რომ ასეთ დახვეწილ ბაზრებს მაღალი კატეგორიის პრემიალურ ღვინოებს უნდა ვთავაზობდეთ, რომლის ფასი ჯერადობით აღემატება საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებულ ქართული ღვინის საშუალო ფასს“, - განმარტა „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.