მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინოს" ექსპორტის ზრდა დასავლეთ ევროპაში გაყიდვებმა გამოიწვია“ – სტრატეგიული საექსპორტო ქვეყნები

ექსპორტი

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომპანიის გაყიდვები საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, ანუ იმდენით, რამდენითაც ღვინის ექსპორტია გაზრდილი. თუმცა კომპანიის მმართველი აცხადებს, რომ თუ ღვინის ინდუსტრიის ჯამური გაყიდვები რუსეთში ექსპორტით არის განპირობებული, „თბილღვინოს“ შემთხვევაში გაყიდვები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კომპანიის განვითარებით არის გამოწვეულია.

ღვინის მწარმოებელი კომპანიის ექსპორტის სტრატეგიის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ის განმარტავს: „ჩვენი ექსპორტის გეოგრაფია საკმაოდ ფართოა, თუმცა ამ ბაზრებს ორ ნაწილად ვყოფთ - ტრადიციულ ბაზრებად, სადაც ქართულ ღვინოს მეტ-ნაკლებად იცნობენ და შედარებით არატრადიციულ, ახალი ბაზრებად, რომელსაც რთულად შეღწევად ბაზრებს ვუწოდებთ, სადაც მოთხოვნის პრიორიტეტები განსხვავებულია და ეს მოთხოვნების დახვეწილობის მაღალ საფეხურზეა. ამ ბაზრებზე ჩვენ კონკურენციის გაწევა დიდ ბრენდებთან გვიწევს, შესაბამისად, ღვინის პორტფელიც ამ ბაზრების მიხედვით გვაქვს გამიჯნული“.

„თბილღვინოში“ სტრატეგიულ, საექსპორტო ბაზრებად დასავლეთის და აზიის კონკრეტულ მიმართულებებს ასახელებენ. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეაში, წელს კომპანიის ღვინოები პირველად გავიდა, დიდ ბრიტანეთში კი, რომელიც „თბილღვინოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანაა, გაყიდვები გაორმაგდა.

„დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, აშშ, სადაც უახლოეს წლებში ერთგვარი გარღვევის მოხდება გვინდა, თუმცა აზიის მიმართულებითაც ვფოკუსირდებით. ასეთია ჩინეთი და წელს ჩვენთვის ახალი ბაზარი არის კორეა, სადაც რამდენიმე წელია გამოფენებში ვმონაწილეობთ და წელს პირველი ექსპორტი უკვე განვახორციელეთ.

რაც შეეხება კანადას, აქ ღვინის ექსპორტის დიდი ისტორია გვაქვს, თუმცა ის მასშტაბი არ იყო, რაც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ მომავალი წლის იანვარში იქ დაგეგმილი გვაქვს გასვლითი ღონისძიება, სადაც ახალი პარტნიორების მოძიებას შევეცდებით.

ექსპორტში ზრდის ის მაჩვენებელი გვაქვს, რაც დარგს, თუმცა თუ სექტორის შემოსავლების ზრდა, ძირითადად, რუსეთში გაყიდვებით არის განპირობებული, ჩვენ ამ ბაზარზე მინიმალურად ვმოქმედებთ და ჩვენი გაყიდვები დასავლეთ ევროპის ბაზრებზე განვითარებით არის გამოწვეული. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში წელს 100%-იანი ზრდა გვაქვს, ანუ გაყიდვები გაორმაგებულია“, - აღნიშნა „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა.

კითხვაზე რამდენით გაიზრდება წელს „თბილღვინოს“ შემოსავალი გიორგი მარგველაშვილი რიცხვების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს: „ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის მიხედვით ზედმიწევნით სრულდება. გასული ორი წელი არ იყო მარტივი პერიოდი და მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აისახა იმ ბაზრებზე, რომლებზედაც „თბილღვინო“ ოპერირებს. ეს ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის ბაზრებია, სადაც ფოკუსს ვაკეთებთ. ამ ბაზარზე საუკეთესო წლები არ იყო, მაგრამ მოვახერხეთ და დიდ ბრიტანეთში ერთგვარი გარღვევა გავაკეთეთ“.

გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ წელს ჯამში 5 200 ტონა ყურძენი მიიღო და გადაამუშავა, საიდანაც ნახევარზე მეტი -2 700 ტონა მოსავალი საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძენია.

„დამატებითი ყურძენი, რაც ფერმერებისგან ვიყიდეთ, თეთრი - რქაწითელის ჯიშის ყურძენი იყო, რადგანაც ჩვენი 400 ჰა ფართობის ვენახებიდან დაახლოებით 300 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ყურძენი გვაქვს გაშენებული და საფერავის მთელ მოთხოვნილებას საკუთარი ვენახებიდან ვაკმაყოფილებთ“, - აღნიშნავს მარგველაშვილი და რთველი 2024-ს დადებითად აფასებს.

კომპანიის წლიური წარმადობა 5 მლნ ბოთლია. „თბილღვინოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს: „რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება გაყიდვები არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი კუთხით გაგვეზარდა. ანუ ისეთი ღვინოები შეგვექმნა, რომლის საშუალო ფასი საშუალოზე მაღალი და პრემიალური კატეგორიის იქნება, რომ მეტი ფოკუსი მოვახდინოთ შექმნილი ღვინოების ხარისხზე და ამით კომპანიის ჯამური შემოსავალი გავზარდოთ“.

ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - რომელ ქვეყნებში გაიზარდა/შემცირდა გაყიდვები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები