მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები მსოფლიოში - 2025

moet

ღვინის გლობალური ინდუსტრია მხოლოდ გემოსა და ტრადიციის შემონახვას არ ემსახურება, ის ასევე დიდი ბიზნესია. ღვინის თითოეული ჭიქის მიღმა დგას ბაზარი, რომელიც 340 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ზოგიერთი ბრენდის ღირებულება კი მილიარდს აღემატება.

ღვინის ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს არა მხოლოდ მათი ხარისხი, არამედ გლობალური ცნობადობა, მუდმივი მოთხოვნა და ძლიერი მარკეტინგი გამოარჩევთ. ეს სახელები ხშირად დომინირებენ სხვადასხვა რეიტინგში კაპიტალიზაციის თუ გაყიდვების მაჩვენებლების საფუძველზე, რაც ნათლად აჩვენებს, როგორ იქცა ღვინო კულტურული სიმბოლოდან სამომხმარებლო ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ. ანალიტიკური ფირმა Brand Finance 2020 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ღვინისა და ცქრიალა ღვინის ბრენდთა რეიტინგს, მათი ღირებულების მიხედვით. 2025 წელს კი რეიტინგი ასე გამოიყურება:

5 წელია, ღვინისა და შამპანური ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ტიტულს Moet et Chandon ატარებს, რომელიც 2025 წელს 2.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფრანგული მეღვინეობა ფუფუნების ინდუსტრიის გამორჩეული ფირმის, LVMH-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ცქრიალა ღვინის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. Moet et Chandon 1 190 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომელიც პინო ნუარის, პინო მენიესა და შარდონეს ჯიშებს აერთიანებს, და წლიურად 28 მილიონ ბოთლ შამპანურს აწარმოებს.

მეორე ადგილს ამერიკული Barefoot იკავებს, $1.2 მილიარდიანი შეფასებით. ბრენდი ერნეტს და ჯულიო გალოს საოჯახო მეღვინეობას ეკუთვნის, თავის მხრივ კი E & J Gallo Winery კალიფორნიული ღვინოს უმსხვილესი ექსპორტიორია და ღვინის უმსხვილესი მწარმოებელია. გალოს საოჯახო მეღვინეობის ქოლგის ქვეშ კომპანია ასობით დასახელების ღვინოს აწარმოებს, თუმცა, როგორც ჩანს, Barefoot მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. სწორედ ამ ბრენდის ქვეშ, 2005 წლიდან ისხმება 17 დასახელების ღვინო, შუშხუნა ღვინო და სიდრი. Barefoot ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მარტივად იდენტიფიცირებადი ალკოჰოლური სასმელია.

180-წლიანი ისტორიის მქონე ავსტრალიური Penfolds რეიტინგში მესამე ადგილზეა. Brand Finance მას $1.1 მილიარდად აფასებს. პენფოლდსის მეღვინეობა ავსტრალიაში მიგრირებულმა ინგლისერმა ქიმიკოსმა დააფუძნა, დღეს კი ის ღვინის წარმოებისა და დისტრიბუციის გლობალური ფირმის, Treasury Wine Estates-ის შემადგენლობაშია. Penfolds განსაკუთრებით ცნობილი ათობით დასახელების წითელი ღვინითაა. ბრენდის კატალოგშია შარდონესა და რიზლინგის სახეობები და ცქრიალა ღვინოები.

კიდევ ერთი ბრენდი, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აღემატება, ასევე LVMH-ის საკუთრებაა. Veuve Clicquot 1772 წელს დაფუძნებული შამპანურის სახლია. სწორედ ამ ბრენდის სახელს უკავშირდება პირველი ვინტაჟური შამპანურის შექმნა 1810 წელს, 1818 წელს კი - პირველი როზეს ჩამოსხმა. ბრენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს გაფართოვდა და ევროპის კონტინენტზე დამკვიდრდა. Veuve Clicquot Louis Vuitton-მა 1986 წელს შეიძინა, ბრენდმა განვითარება სწორედ LVMH-ის ქვეშ განაგრძო. დღეს ბრენდი ექვსი დასახელების შუშხუნა ღვინოს და რამდენიმე სახოების კოქტეილის მიქსს სთავაზობს ბაზარს.

რეიტინგის ხუთეულს ჩიბნური ღვინის ინდუსტრიის ნამდვილი პიონერი Changyu ხურავს. აზიის უძველესი და უდედესი მეღვინეობა 1892 წელს დაფუძნდა, როცა ჟანგ ბიშიმ ყურძნის 2000 ნერგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში ჩაიტანა. წამოწყებამ არ გაამართლა, ჩინური კლიმატი არ აღმოჩნდა ამერიკული ჯიშებისთვის ხელსაყრელი. ამიტომ ბიშიმ ვაზის 640 ათასი ნერგი ამჯერად ევროპიდან ჩაიტანა და ღვინის კონტურულ რუკაზე ჩინეთი პირველად მონიშნა. დღეს “ჩანგის” კატალოგს წითელი, თეთრი, შუშხუნა და სადესერტო ღვინოების ასორტიმენტი მიეკუთვნება. ბრენდის ღირებულება კი $820 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ღვინისა და შამპანურის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ათეულში საფრანგეთი ოთხი პოზიციით დომინირებს, Mumm-ისა და Dom Perignon-ის ბრენდები მეცხრე და მეათე ადგილებს ინაწილებენ, ეს უკანასკნელი კი ასევე LVMH-ის საკუთრებაა. პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, ბერნარ არნოს მფლობელობაში არსებული LVMH-ი პრესტიჟული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან პორტფოლიოს ფლობს, რომელიც არნოთა საოჯახო ბიზნესში მხოლოდ 10%-იან წილს იკავებს. შესაბამისად, ფუფუნების ნივთების, კოსმეტიკისა და სამკაულების სექტორებთან ერთად, არნოს დიდი იმპერიის შემადგენელი ნაწილი მეღვინეობაც არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები