„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივნის ბექა ინჯიას შეფასებით, საქართველოში არბიტრაჟის პოპულარობა მზარდია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, იმის გამო, რომ დავების მოგვარების ტრადიციულ მექანიზმთან შედარებით არბიტრაჟის პროცესი შედარებით, სწრაფად მიმდინარეობს, კომპანიები სულ უფრო ხშირად არჩევანს სწორედ არბიტრაჟზე აკეთებენ.
ბექა ინჯიას ინფორმაციით, „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში“ საშუალოდ, წლიურად, 25 დავას განიხილავენ, რომელთა ჯამური ღირებულება 40-45 მლნ დოლარამდეა.
„დავების 70%-მდე, რომელსაც GIAC-ი განიხილავს, საერთაშორისო არბიტრაჟია. საერთაშორისოს ვუწოდებთ ისეთ დავებს, სადაც ერთი მხარე მაინც არის უცხოელი. „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საარბიტრაჟო ინსტიტუტია“, - თქვა მან.
რაც შეეხება არბიტრაჟის სერვისის ღირებულებას, ბექა ინჯია ამბობს, რომ შესაძლოა, სასამართლოსთან შედარებით, GIAC-ის მომსახურება უფრო ძვირია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პროცესების დროში გაწელვას და ასევე, სამი ინსტანციის რისკს, მხარეებს GIAC-ის სერვისი „მაინც უფრო იაფი უჯდებათ“.
"როგორც სასამართლოში, არბიტრაჟშიც სერვისის საფასური დავის ღირებულებიდან გამოითვლება, თუმცა სასამართლოსგან განსხვავებით, ჩვენს არბიტრაჟში არაა ერთი მოჭრილი პროცენტი.
მაგალითად, როცა დავის საგანი მილიონი დოლარია, მომსახურება, დაახლოებით, $18-დან $25 000-ის ფარგლებში შეიძლება ღირდეს. რაც შეეხება ვადებს, ერთი საარბიტრაჟო პროცესი, საშუალოდ, 5-5,5 თვეში სრულდება. ყველაზე მინიმუმი 1,5 თვეა, ხოლო მაქსიმუმი - 1 წელი“, - განაცხადა ბექა ინჯიამ.