"შეიძლება, ვიდაოთ თანხაზე, რომ არბიტრაჟის სერვისი ძვირია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა ალტერნატივა გვაქვს, შეიძლება არც ისე ძვირი იყოს“, - ამის შესახებ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში პროცესების დროში გაწელვას და ასევე, სამი ინსტანციის რისკს თუ მივიღებთ მხედველობაში, მხარეებს GIAC-ის სერვისი „მაინც უფრო იაფი უჯდებათ“.
„არბიტრაჟი, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმი, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ დრო, რაც ბიზნესში უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ბექა ინჯიამ.
"საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არბიტრაჟის პოპულარობა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა ცნობადობის გასაზრდელად უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.
„სხვადასხვა ფაქტორი არსებობს, რაც შეიძლება აფერხებს დავების გადაჭრის ამ მექანიზმზე მოთხოვნას. მაგალითად, არბიტრაჟის წესის თანახმად, როდესაც ბიზნესპარტნიორები ერთმანეთთან კონტრაქტს დებენ, ხელშეკრულებაში წინასწარ უნდა გაწერონ არბიტრაჟის სერვისი დავის წარმოშობის შემთხვევაში, ამიტომ თუ მხარეებს შორის ეს წინასწარ არაა შეთანხმებული, დავის პროცესში არბიტრაჟზე შეთანხმება ძნელია.
ჩვენი დაკვირვებით, ადრე, ტრანზაქციის დროს არბიტრაჟის მექანიზმის ჩადებაზე არც ფიქრობდნენ მხარეები, მაგრამ დღეისთვის, მსხვილი ბიზნესი კონტრაქტში არბიტრაჟის შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად ითვალისწინებს“, - აღნიშნა ბექა ინჯიამ და დასძინა, რომ არბიტრაჟის ცნობადობის გასაზრდელად, GIAC-ის სამიზნე ჯგუფი სწორედ კომპანიების იურისტები არიან.
„წერტილთან“ ინტერვიუში „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალურმა მდივანმა არბიტრაჟის კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას არბიტრების არჩევანში თავისუფლებაც გამოყო.
„არბიტრაჟის უპირატესობაა ისიც, რომ მხარეებს შეუძლიათ, მათთვის სასურველი არბიტრები დანიშნონ - ვგულისხმობ შესაბამისი ცოდნის და კომპეტენციის მქონე არბიტრებს. მოსამართლე ყველა სფეროში ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება, ამიტომ არბიტრაჟში მხარეებს გვაქვს საშუალება, შევათანხმოთ ის არბიტრები, რომლებიც საქმეს მარტივად გაიგებენ. კეთილსინდისიერ ბიზნესს სჭირდება დავის სწრაფი გადაწყვეტა და უთანხმოების აღმოფხვრა, ამდენად მოკლე ვადაში დავის გადაწყვეტა მისთვის შველაა“, - თქვა მან.
ბექა ინჯიას ინფორმაციით, GIAC-ი საშუალოდ, წლიურად, 25 საარბიტრაჟო დავას განიხილავს, რომელთა ჯამური ღირებულება 40-45 მლნ დოლარამდეა.