მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Gianti Logistics-ის გადაზიდვები 30%-ითაა გაზრდილი” - სად გადის ტვირთი საქართველოდან?

64c3b61e22b63
BM.GE
28.07.23 16:47
725
ლოგისტიკურმა კომპანია Gianti Logistics-მა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 5 ოფისი, ფოთში კი საკუთარი ტერმინალი აქვს, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ტვირთების გადაზიდვა გაზარდა. საქართველოში ტვირთის გადაზიდვის დინამიკაზე BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი მახათაძემ ისაუბრა.

“წინა წელთან შედარებით, 2023 წელს 30%-ით არის გაზრდილი უშუალოდ Gianti Logistics-ის გადაზიდვები, რაც ჩვენს დატვირთულობაზეც აისახება. რაც შეეხება ტენდენციებს, უფრო მეტად ჭარბობს ცენტრალური აზიის ტვირთები, რომლებიც საქართველოს დერეფნის გავლით მოძრაობს და ბათუმისა და ფოთის პორტებში შემოდის, საიდანაც შემდეგ აზიის ქვეყნებში ნაწილდება, რომლებიც მანამდე, ძირითადად, რუსეთის დერეფანს იყენებდნენ.

ტვირთის გადაზიდვის დინამიკის ზრდა, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, რომ საზღვაო ფრახტები ძალიან გაიაფდა, გასული წლის ბოლოდან დაიწყო კლება და ზოგ შემთხვევაში, პანდემიამდელ ნიშნულსაც ჩამოსცდა”, - ამბობს მახათაძე.

Gianti Logistics-ი საერთაშორისო ბაზარზე 2005 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკი გააჩნია და აქტიურად მუშაობს, რომ პორტფელში საქართველოს წილის 15%-იანი მაჩვენებელი გაიზარდოს.

“კომპანია უკვე 18 წელს ითვლის, 300-მდე თანამშრომელს აერთიანებს და ყოველწლიურად ვიზრდებით. 5 ოფისი გვაქვს (თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და საქართველო) და გეგმაში გვაქვს, რომ წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბითაც განვითარდეთ. ჩვენი უპირატესობები - საკუთარი ავტოპარკი და ტერმინალი - გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსპორტო კომპანია ვიყოთ.

ჩვენმა გაყიდვების ახალმა გუნდმა საქართველოს წილი მცირედით უკვე გაზარდეს. ახალი პროექტი გვქონდა კომპანიაში - “ისწავლე და დასაქმდი” - საიდანაც 5 თანამშრომელი უკვე გადავამზადეთ და შტატში ჩავსვით, ეს სიახლე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის და სურვილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე გაყიდვების გუნდს კიდევ 12 თანამშრომელი შევმატოთ, რათა ტვირთების გადაზიდვის აჩქარებულ ტემპს მაქსიმალურად მივყვეთ”, - ამბობს Gianti Logistics-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ნათია კერესელიძე და დასძენს, რომ კომპანიაში დასაქმებაზე მოთხოვნა მაღალია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Gianti Logistics-ის გენერალური მენეჯერი იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანია სასაწყობე მეურნეობას სულ მალე თბილისშიც გახსნის.

“აქამდე ვოპერირებდით ფოთში ჩვენი ტერმინალითა და ტერმინალზე არსებული სასაწყობე ინფრასტრუქტურით, თუმცა საჭიროებამ მოიტანა და თბილისში უკვე დავიწყეთ დახურული სასაწყობე მეურნეობის შენება, რომელიც 6 500 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული”, - ამბობს გიორგი მახათაძე.

გარდა ამისა, ნათია კერესელიძის თქმით, კომპანიამ უკვე მესამედ მოიპოვა საერთაშორისო ჯილდო “საუკეთესო სატრანსპორტო კომპანიის” ნომინაციაში, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ერთი კომპანია იყო ნომინირებული.

“უკვე მესამედ ვიღებთ საუკეთესო სატრანსპორტო კომპანიის ჯილდოს. რა თქმა უნდა, კრიტერიუმები საკმაოდ მაღალია, რომლებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ჩართულები არიან ექსპერტები, საქართველოს სავაჭრო პალატა და გარკვეული გამოკითხვის შემდეგ სახელდებიან გამარჯვებულები. საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით ამ ნომინაციაში წარდგენილი, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის”, - აცხადებს ნათია კერესელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები