საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი ამბობს, რომ მსოფლიო ტურიზმი სრულიად ახალ სტანდარტებზე გადადის, მაგრამ საქართველო, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარია, მდგრადი ტურიზმის გლობალურ ტრენდს ვერ მიჰყვება.
ამის შესახებ ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა Green destination forum-იდან, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ადრე ვარსკვლავებით აფასებდნენ სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს, დღეს ვარსკვლავები „მწვანე ფოთლებმა“ ჩაანაცვლეს და მთავარი შეფასების კრიტერიუმი ხდება არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ტურისტული ბიზნესის მდგრადობა და გარემოზე ზრუნვა.
ფაქტობრივად, პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდი [Green destination forum-ზე] და ძალიან ვწუხვარ ხოლმე, როდესაც, ერთი მხრივ, ვუყურებ, როგორ ვითარდება ტურიზმი მსოფლიოში და მეორე მხრივ, ვუყურებ ჩვენ როგორ შუაში ვართ "გაჩხერილები".
არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად ტუალეტებს ვერ ვმართავთ, ვლაპარაკობდეთ მდგრადობაზე. გიდები ტურებს იმის მიხედვით გეგმავენ, სად არის უკეთესი ტუალეტი და არა - როგორია ნარჩენების მართვა ან კანალიზაცია... ეს თანამედროვე თემებია, რომლებზეც ჩვენ ჯერ არც ვსაუბრობთ...
რასაკვირველია, არსებობენ საქართველოშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პრობლემა არაა და ტურიზმშიც განვითარებაა, მაგრამ მე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სექტორში და ვხუმრობ ხოლმე, რომ მე და ქართული ტურიზმი, დაახლოებით, ერთად გავიზარდეთ-მეთქი, ასეთი გაურკვევლობა არ მახსოვს“, - განაცხადა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ იმაზეც ისაუბრა, რომ ე.წ. რუსული კანონების მიღების და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, რის გამოც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი და პოლიტიკური კრიზისია, ტურიზმის სექტორსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია იშვიათი გახდა.
ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონის მომზადების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართალია, ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობაში არ იქნა გათვალისწინებული, მაგრამ სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება კვლავ მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზე უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან ქვეყანას მასობრივი ტურიზმის მართვის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია.
„[მთავრობაში ზოგიერთი] თვლის, რომ ტურიზმის განვითარება მხოლოდ ციფრებით იზომება, მაგრამ ციფრებს თავისი უარყოფითი მხარეებიც ახლავს. თუ ტურისტი საქართველოში ხარჯავს 2000 დოლარს, მაგრამ ამ ფულიდან უმეტესობა იმპორტირებულ პროდუქციაზე მიდის, რეალურად ეკონომიკაში რამდენი რჩება?!“ - კითხვას სვამს ის.
ბახტაძე-ენგლენდერის თქმითვე, ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი გაცილებით ფართო პროცესია, ვიდრე მხოლოდ ტურისტის მიერ დახარჯული თანხა.
„როდესაც ტურისტული ადგილი უნდა შეფასდეს, უნდა გავითვალისწინოთ, რა ზეგავლენას ახდენს ის გარემოზე, რამდენი ნაგავი რჩება, სად მიდის ის ნაგავი, როგორ ზიანდება ადგილობრივი ეკოსისტემა და ა.შ. ესაა ის თემები, რომლებზეც დღეს მსოფლიო საუბრობს, და ჩვენც სწორედ აქ უნდა გადავინაცვლოთ“, - თქვა ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.
ტურიზმის ინდუსტრიასა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის ხარისხიანი და საქმიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტურიზმის სფეროში პრობლემებზე საუბარი პოლიტიკა კი არა, აუცილებელი პროფესიული დისკუსიაა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ქმნის ტურიზმის პოლიტიკას, კერძო სექტორს აქვს უფლება და ვალდებულებაც, მიუთითოს ხარვეზებზე და შესთავაზოს გამოსავლები, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად, სახელმწიფო ხშირად კრიტიკას აიგნორებს და მხოლოდ იმ ბიზნესებს უსმენს, რომლებიც პოზიტიურად საუბრობენ, რაც რეალობის დამახინჯებას იწვევს.
„თუ სახელმწიფო არ უსმენს კრიტიკულ ხმებს და უარს ამბობს პრობლემების აღიარებაზე, ის „პარალელურ რეალობაში“ რჩება, სადაც პრობლემები უბრალოდ ვერ გვარდება“ - ასკვნის ტურიზმის დარგის ექსპერტი.




























