მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ - მოთხოვნები

645e2a5f74ecc
გიგა ბენია
12.05.23 15:59
1056
კვირას, 14 მაისს, გიდები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. გიდების მოთხოვნაა, საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ.

გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, მამუკა კილაურიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიგრაციის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმის სექტორში თვითნებურად საქმდებიან და უცხოელ ტურისტებს ემსახურებიან.

"მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოვიდნენ, თავიანთი ბიზნესები დაიწყეს. გახსნეს ტურისტული სააგენტოები, თავად დაიწყეს გიდობა, მოჰყავთ ხალხი. ბუნებრივია, წარმოდგენა არ აქვთ საქართველოს ისტორიაზე. რომ მოუსმინოთ რას უყვებიან ტურისტებს, გაგიჟდებით. კვირას იგეგმება გიდების ასოციაციების საპროტესტო აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხებზე იქნება საუბარი",- აღნიშნავს BMG-თან მამუკა კილაურიძე.

ტუროპერატორის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, გამოწვევაა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გიდების არსებობაც. როგორც ის ამბობს, უცხოელებს არაკვალიფიციურად სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გიდებიც ემსახურებიან.

"მრავალი წელია ეს პრობლემა დგას და კანონი, რომელიც მისაღებია, იქაც არ არის ბოლომდე გაწერილი მათი შეზღუდვა. ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდნენ და ცოდნის გარეშე ჩაატარონ ტურები. არასწორად აწვდიან ინფორმაციას, დამახინჯებულად უყვებიან ისტორიას და ეს უნდა მოგვარდეს",- აცხადებს მამუკა კილაურიძე.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენი გიდი მიიღებს მონაწილეობას აქციაში, კილაურიძე პასუხობს, რომ პოზიციას ბევრი უერთდება, თუმცა აქციაზე რამდენი ადამიანი მივა, ჯერ ცნობილი არ არის. 

ცნობისთვის, მთავრობამ ტურიზმის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება. კერძოდ, ტურისტული გიდობის უფლება 18 წელს მიღწეულ პირს მიენიჭება, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და B2 დონეზე – ის უცხო ენა, რომელზეც ტურს ატარებს.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. სერტიფიცირებულ გიდებს ოფიციალური სამკერდე მოწმობა ექნებათ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. ე.წ. გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირებული გიდი უფასოდ შევა სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები