„ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე აკვაპარკ Gino Paradise-ის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტს 2024 წლიდან დაიწყებს. აკვაპარკის გარშემო მულტიფუნქციური კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 170 მლნ ევროა.
როგორც გადაცემა #რედაქტ2-ში ჰოლდინგის დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ამბობს, ინვესტიცია 2-3 წლის განმავლობაში იქნება ათვისებულია.
„170 მლნ ევრო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული და უახლესი 7-8 წლის განმავლობაში 0.5 მლრდ კიდევ ჩავდებთ. ეს 500 მლნ ევრო „ჯინო სითის“ მოწყობისთვის დაიხარჯება. 170 მლნ ევრო კი „ჯინოს პარკის“ ტერიტორიის განვითარებას მოხმარდება“, - აღნიშნა მან.
ნოდარ გიორგაძე პროექტის შესახებ დეტალურად საუბრობს და ამბობს, რომ მისი შესრულება 2024 წლის გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ამ ეტაპზე პარკის ტერიტორიის განვითარებას ვიწყებთ - აკვაპარკის განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი სასტუმროების აშენება, საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები, სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრები. სანაპიროს პრომენადის მოწყობა, რომელიც ოცნებად გადამექცა. ამ პროექტებზე განაშენიანების გეგმა უკვე შეთანხმებული გვაქვს და პროექტის დაწყება მომავალი წლის გაზაფხულიდან გვინდა. წელს გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ, რადგან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. ბანკებთან მოლაპარაკება გვაქვს. ამ პროექტში, რა თქმა უნდა, სლოვაკური ბანკები იქნებიან ჩართულნი, მაგრამ ქართულ ბანკებსაც ველაპარაკებით და ძალიან დიდი ინტერესი აქვთ მათ“, - განმარტა ინვესტორმა.
ნოდარ გიორგაძის თქმით, მისთვის როგორც სლოვაკი ინვესტორისთვის, ქართული ბანკები საინტერესო ხდება. „რადგან როცა ევროპული ბანკი ფულს 3%-ად გაძლევდა, საქართველოში სესხის პროცენტი 6-7% იყო, მაშინ სხვაობა სერიოზული იყო, ახლა აქ 8-9%-ია, მაგრამ ფული ევროპაშიც გაძვირდა, ამიტომ პროცენტმაც მოიმატა და ამას ემატება ევრიბორი და თითქმის იმ პროცენტის გადახდა გვიწევს, რაც აქ არის. ამიტომ შეიძლება ადგილობრივმა ბანკმა დაგვაფინანსოს. ქართული ბანკები მობილურები გახდნენ, რაც 7-8 წლის წინ არ იყო, მათთან საუბარი გამარტივდა“, - აღნიშნა „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა.