ქართულ - სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორის ნორად გიორგაძის განცხადებით, 2025 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო. ბიზნესის ოპერირების შედეგები ინვესტორმა გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ჰოლდინგი მოგებაზე გადის.
„ჯინო ჰოლდინგის“ მასშტაბით, სლოვაკეთში შემოსავლები დაახლოებით 7-8%-ით არის გაზრდილი. პრაქტიკულად მოგებაზეა საუბარი. რაც შეეხება საქართველოს - ნამდვილად მაქვს სატრაბახო, რადგან მაჩვენებლები ძალიან კარგია. მაგალითად, ჯინო აკვაპარკში“ 28%-ით არის გაზრდილი არამხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ ვაჭრობაც. ახლა ამ პერიოდში სტუმრების რაოდენობა გაორმაგებულია“, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
„ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით 10 წელზე მეტია ოპერირებს, დღეისთვის კი თბილისის ზღვაზე, „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარედ დეველოპერულ პროექტს „თბილისი ბულვარს“ ახორციელებს. ჰოლდინგის დამფუძნებელი „ბიზნესის კვირეულთან“ აანონსებს, რომ კომპანია კიდევ ერთ ახალ საინვესტიციო პროექტს 2026 წლიდან დაიწყებს.
ცნობისთვის: Gino Holding-ი საინვესტიციო მრავალპროფილური კომპანიაა, რომელიც დასვენების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ პროექტებთანაა დაკავშირებული. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროების, აკვაპარკების, რესტორნების, საცხოვრებელი კომპლექსის განახლებადი ენერგოობიექტებისა და სოფლის მეურნეობის ობიექტების მშენებლობისა და მართვის სფეროში. "ჯინო ჰოლდინგი" 2003 წელს სლოვაკეთში წარმოშობით ქართველმა, სლოვაკეთის მოქალაქე ნოდარ გიორგაძემ დააფუძნა. 2012-2022 წლებში Gino Holding საქართველოში ინვესტირებული აქვს 110 მლნ ევროზე მეტი.
„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ უკვე განხორციელებული მსხვილი პროექტებია:
- აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ - ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ ევრო;
- 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე - ინვესტიციის მოცულობა 4,5 მლნ. ევრო;
- 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მცხეთაში - ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. ევრო;
- 5-ვარსკვლავიანი, სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. მოცულობა 21 მლნ. ევრო;
- „თბილისის ბულვარის“ €250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი მოიცავს საზოგადოებრივ და რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, ბიზნეს და საცხოვრებელ ზონებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს და ამიერკავკასიაში უდიდეს აკვაპარკს და ველნესცენტრს




























