მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარი კონკრეტულად ვერ პასუხობს კითხვას, რას აპროტესტებენ ახალგაზრდები

განათლება

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს არ აქვს პირდაპირი პასუხი კითხვაზე, თუ რას აპროტესტებენ ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-იმ მინისტრს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. მინისტრმა კითხვებზე პასუხებს თავი აარიდა და მთავრობის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი რიტორიკა გაიმეორა, რომ საქმე ეხება გამჭვირვალობას.

- თქვენ თქვით, ეს ახალგაზრდები აპროტესტებენ იმას, რასაც აპროტესტებენო - თქვენც უყურებთ ტელევიზორს, გესმით რას ამბობენ ახალგაზრდები, როგორ გესმით, რას აპროტესტებენ?

- თქვენ ჩემზე კარგად იცით, რასაც აპროტესტებენ.

- თქვენ როგორ გაიგეთ?

- მე როგორ გავიგე, ამას თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. რა ფორმითაც არ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა, სიმართლე არის ერთი...

- რას აპროტესტებენ?

- მე თქვენთან დებატებში ხომ არ ვარ? მოვისმინე შეკითხვა და გაგცემთ პასუხს. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთადერთი რამ, რაც ამ კანონით არის მოთხოვნილი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობა. წერტილი. ისევე, როგორც მოთხოვნილია პოლიტიკური ორგანიზაციების თუ პირების ნაწილში. ასევე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არცერთ სტუდენტს, მეცნიერებს, პროფესორს და არცერთ მსგავსი ტიპის გრანტს, რომელზეც აპელირებენ მედიასაშუალებები. ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს. არავითარი სანქცია, ჩარევა, იძლევა, არაფერი დედამიწის ზურგზე არ მოეთხოვებათ გარდა იმისა, რომ საზოგადოებას აცნობონ, თუ ვისგან ფინანსდებიან. დამთავრდა. რა არის ამაში უჩვეულო?

- გამჭვირვალობას რატომ სჭირდება იარლიყი?

- არ ვარ თქვენთან დებატებში. რა არის უჩვეულო და აღმაშფოთებელი იმაში, რომ თუ ყველაფერი სწორად და კანონიერად კეთდება, გამჭვირვალე გახდეს? რა გაქვთ დასამალი? თუ გეუხერხულებათ, აქ ნამდვილად იქნება კითხვის ნიშნები, მაგრამ თუ არ გაქვთ პრობლემა, მაშინ შეავსეთ ეს ყველაფერი და საზოგადოებასაც გააჩუმებთ. ნახავთ, რომ არაფერი იყო ამაში არც უჩვეულო, არც გასაკრიტიკებელი, არც გასაპროტესტებელი, უბრალოდ ყველას ეცოდინება სიმართლე, თქვენი დაფინანსების თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები