თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც მისმა ადვოკატმა ივანიშვილის შუამავლისგან მიიღო, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლებრივი საქმიდან, რომელიც 8,253 ბიტკოინის მითვისებას შეეხებოდა, 60%, ანუ 4,952 ბიტკოინი ივანიშვილისთვის უნდა გადაეცა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ საქმე შეჩერდებოდა. თუკი გადახდას გააჭიანურებდა, გადასახდელი თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამ წერილის შესახებ განცხადება ბაჩიაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა და აღნიშნული წერილიც გაასაჯაროვა.
არსებული მდგომარეობით 4,952 ბიტკოინის ღირებულება 506 მილიონ დოლარს შეადგენს.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის მიერ მიღებული წერილი:
"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პიზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში, რომელიც ბაჩიაშვილმა გამოაქვეყნა.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე აბსურდულია:
ივანიშვილი დაობს, რომ 2015 წლის ივნისში გაცემული $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით, 2017 წლის მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში 39 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა საქმე ის არის, რომ აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში კრიპტოვალუტის განაწილების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, შესაბამისად ბაჩიაშვილს ივანიშვილის მიმართ სხვა არაფერი მართებდა.
არსებული მდგომარეობით, 8,253 ბიტკოინის ღირებულება 844 მილიონ დოლარს შეადგენს, ამასთან დღეს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ სადავო თანხა 9,000 ბიტკოინამდე 921 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, საქმე აბსურდულ ბრალს უკავშირდება, რადგანაც კონტრაქტი მიღებული მოგების განაწილებას არ უკავშირდებოდა და ის ჩვეულებრივი საბანკო სესხის სახეს ატარებდა.
ჯერ კიდევ 2023 წელს, ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა, BMG-ს ეთერში დეტალურად განმარტა, რომ ბაჩიაშვილმა კონტრაქტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა.
“გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბიზნესში აქტიურად ინვესტირება და სჯეროდა ამ ტექნოლოგიების პერსპექტიულობის. მან 2015 წელს პირადად მიაღწია შეთანხმებას "ბითფიურისთან", კერძოდ "ბითფიური" თანახმა იყო, რომ ბაჩიაშვილთან გაეფორმებიანა ერთწლიანი კონტრაქტი კრიპტოვალუტის მაინიგის შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6,3 მილიონი დოლარით. საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი კონტრაქტი.
გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული დროისთვის მობილიზებული ჰქონდა 1,3 მილიონი დოლარი, ესაჭიროებოდა სესხი 5 მილიონის ოდენობით და ვინაიდან მას საკუთარი თანამონაწილეობის გარდა არ ჰქონდა სხვა უზრუნველყოფა, მარტივი არ იყო ბანკში სესხის აღება. დიდი ხნის საქმიანი და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან ბიძინა ივანიშვილს სთხოვა დახმარებოდა "ქართუ ბანკში" სესხის აღებაში. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მანამდე სხვა არაერთ პირსაც დახმარებია სესხის აღებაში. საბოლოოდ, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკ "ქართუსგან" 1 წლის ვადით აიღო სესხი 5 მილიონი დოლარის ოდენობით, წლიურ 12 პროცენტად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა სესხის აღების სხვა ალტერნატივა, რაზეც მან დეტალურად ისაუბრა გამოკითხვისას, უბრალოდ ბანკი ქართუს პირობები იყო უფრო მისაღები.ზუსტად 1 წელიწადში და რამდენიმე თვეში, ბაჩიაშვილის კომპანიამ ბანკი "ქართუს" კრედიტი დაფარა სრულად პროცენტის ჩათვლით”, - განაცხადა მახარაშვილმა საქმის დეტალებთან დაკავშირებით.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას მოიცავს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.