თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, წარსულში სანამ ბიძინა ივანიშვილთან ჯერ კიდევ ჰქონდა კავშირი, მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაფორმება შესთავაზეს - ბაჩიაშვილმა ამის შესახებ დღევანდელი სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ივანიშვილი მთავაზობდა რუსთავი 2 გამეფორმებინა, რაზეც უარი ვუთხარი. ის ეძებდა ადამიანებს, ვისზეც ტელევიზიას გააფორმებდა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ამასთან, ის აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ივანიშვილთან აქტიური კონტაქტი ჰქონდა, ივანიშვილის რეზიდენციაში შეკრებილ მოსამართლეებსა და პროკურორებს გამუდმებით ხედავდა.
"მურუსიძე, ჩინჩალაძე, შოთაძე სულ იკრიბებოდნენ ივანიშვილთან. მე მასთან კვირაში ორჯერ დავდიოდი. შეხვედრების ნახევარზე მაინც, ჩემამდე ის პროკურორებს და მოსამართლეებს ხვდებოდა", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" 2019 წლის ივლისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. თუმცა, ტელევიზიამ ხალვაშის საკუთრებაში არასრული 3 წლის განმავლობაში იოპერირა, 2021 წლის თებერვლიდან კი მისი სტრუქტურა შეიცვალა, "რუსთავი 2"-მა და "პრაიმ ტაიმმა" დააფუძნეს ახალი კომპანია სახელწოდებით "მედია ჰოლდინგი", სადაც "პრაიმ ტაიმს" 90%-იანი წილი აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის ბრენდული სახელი სწორედ "მედია ჰოლდინგს" გადაეცა, შესაბამისად, 2021 წლის თებერვლიდან "რუსთავი 2"-ის სახელით სწორედ "მედია ჰოლდინგი" მაუწყებლობს. ჯგუფის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი მხარე ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეა, რომელიც ამასთანავე, "ჯორჯიან მანგანეზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
"რუსთავი 2", ანუ "მედია ჰოლდინგი" ფინანსური ანგარიშების თანახმად მუდმივად ზარალიანი კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 14.3 მილიონი ლარი შეადგინა, მისი ზარალი კი 31 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას აქვს 72 მილიონი ლარის დაგროვილი და დაუფარავი ზარალი.
საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად"ჯორჯიან მანგანეზის" ტრეიდერმა კომპანიამ "სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანიმ" ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდს" 147 მილიონი ლარი ასესხა, რომელიც ანგარიშის თანახმად ფონდს ამ დრომდე არ აქვს დაბრუნებული.




























