მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა ადევს - ადვოკატი

64ac087b50590
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.23 17:41
4280
“თანაინვესტირების ფონდის” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის ქონება დაყადაღებულია - ამის შესახებ BMG-ის ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყადაღა ადევს ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე ყადაღა დაედო მისი მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებასაც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩევლის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება კიდევ ერთი მუხლითაც დაიწყოს, რაც “მტკვარი ჰესის” მშენებლობას უკავშირდება.

ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე იმაშია, რომ “თანაინვესტირების ფონდს” “მტკვარი ჰესის” მშენებლობის ღირებულება $100 მილიონი დოლარით გაეზარდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პროექტის გაძვირება გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან არასწორმა მენეჯმენტმა და თანხების მითვისება/გაფლანგვამ განაპირობა.

ექსპრემიერის ადვოკატის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თავად თანაინვესტირების ფონდიც, სადაც აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მასალები უკვე პროკურატურას მიაწოდეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების პროექტ "მტკვარი ჰესის" ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,”- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები